დღის თემასაზოგადოებასაქართველო

ქართველ თოვლის ბა­ბუას დამცველი გამოუჩნდა

ლაპლანდიელი სანტა კლაუსისთვის მეტოქეობის გაწევა ქართველ თოვლის ბა­ბუას სულ უფრო და უფრო უჭირს. ბოლო რამდენიმე წელია ახალ წელს სულ უფრო იშვიათად ვხედავთ თოვლის ბაბუას სვანური ქუდით ან ყაბალახით. სამაგიეროდ ყველგან გვხვდება და ახალ წელს გვილოცავს დასავლური, წითელ  შარვალ-ხალათში გამოწყობილი სანტა კლაუსი, რომელსაც ბავშვები თოვლის ბაბუას ეძახიან.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველი თოვლის ბა­ბუა და მისი უცხოელი კოლეგები, იტალიელი ბაბო ნატალე, ფრანგი პერ ნოელი, გერმანელი ვაინახტსმენი, სლავი დედ მოროზი, ინგლისელი ფაზერ ქრისმასი და ამერიკელი სანტა კლაუსი მთელი მსოფლიოს ბავშვებს ერთნაირად ახარებენ, ჩვენებური ნაბდიანი თოვლის ბაბუის გაუჩინარება ნამდვილად უსამართლობაა.

ჰოდა, მისი დაცვა „საქპა­ტენ­ტმა“ ითავა: ამიერიდან „თოვლის ბაბუა“, „როგორც საქართველოს ინტელექტუალური საკუთრება, „საქპატენტში“ იქნება დაცული“.

„ყოველწლიურად მილიარდობით ადამიანი მთელ მსოფლიოში, ახალ წელთან ერთად, მოუთმენლად ელის თოვლის ბაბუასა თუ სანტა კლაუსს, უამრავი ადამიანი მისი სახელით იღებს საჩუქრებს, რასაც სიხარული, ბედნიერება და მომავლის, ახალი წლის იმედი მოაქვს. და მაინც, ასეთი თვალსაჩინოების, უთვალავი საჩუქრისა და ამაღელვებელი ემოციების მიუხედავად, აგერ უკვე ას წელზე მეტია დაჟინებით ვამტკიცებთ, რომ ის არ არსებობს, თუმცა ყოველ წელს ჯიუტად ველოდებით მისგან საჩუქრებს. უდავოდ ადამიანური მიდგომაა.

სინამდვილეში თოვლის ბაბუა ადამიანებში სიკეთის კეთების მარადიული და დაუძლეველი სურვილის მტკიცებულება და ამ სიკეთის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც ჭეშმარიტად შეგვიძლია მივიჩნიოთ, როგორც კაცობრიობის ინტელექტუალური შემოქმედების ბრწყინვალე ნიმუში, სიკეთის კეთების სადღესასწაულო გზა და ფორმა. არა მხოლოდ ჩვენთან, საქართველოში, არამედ მთელ სამყაროში ყველაფერს კარგს სჭირდება დაცვა, მოვლა და პატრონობა. მხოლოდ უფალს ყოვლისშემძლესა და ყველას მფარველს არ სჭირდება დაცვა, აი ადამიანებში ღმერთის რწმენას, როგორც სიკეთის, სიყვარულისა და იმედის უშრეტ წყაროს მუდმივად უნდა გაფრთხილება.

სწორედ ამიტომ, „თოვლის ბაბუა“, როგორც საქართველოს ინტელექტუალური საკუთრება, საქპატენტში იქნება დაცული.

ინტელექტია ადამიანებისათვის ის ღვთიური ნაპერწკალი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი მიზანი თუ სანუკვარი ოცნება რეალობად აქციოს. სარწმუნოა, რომ გონიერ და მშრომელ ადამიანს, ინტელექტის სწორად გამოყენების შემთხვევაში, თავისი სურვილების ასრულებასთან მხოლოდ დრო აშორებს. უნდა გვჯეროდეს, რომ ოცნებების ასრულების საათი სწორედ ახალი წლის ღამეს, თოვლის ბაბუის მოსვლასთან ერთად აწიკწიკდება და აუცილებლად გვამცნობს ოცნებების ასრულების დროს“, – ნათქვამია „საქპატენტის“ განცხადებაში.

ასევე, დაგაინტერესებთ: LAST CHRISTMAS – როგორ იქცა სიმღერა უიღბლო სიყვარულზე საშობაო კლასიკად (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close