მიგრაციაპოლიტიკა

ტრამპის მუქარამ შედეგი უკვე გამოიღო: მექსიკაში ერთ დღეში 5200 მიგრანტი დააკავეს და რეკორდული რაოდენობის სინთეზური ნარკოტიკი ამოიღეს

მექსიკის ხელისუფლების განცხადებით, ერთ დღეში 5200 მიგრანტი დააკავეს, ხოლო ჯარისკაცებმა და საზღვაო ქვეითებმა რეკორდული რაოდენობის სინთეზური ნარკოტიკი ამოიღეს. ამგვარი რეაგირება მოჰყვა აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მუქარას, რომ 25-პროცენტიან საბაჟო გადასახადს დააწესებს კანადიდან და მექსიკიდან აშშ-ში შეტანილ საქონელზე, თუ ეს ორი მეზობელი ქვეყანა არ აღკვეთს მათი ტერიტორიის გავლით იმიგრანტების და ნარკოტიკების ნაკადების შედინებას აშშ-ში. ამის შესახებ „გარდიანი“ იუწყება

სააგენტოს ცნობით, მექსიკის უსაფრთხოების ძალებმა ტონაზე მეტი ფენტანილის აბები ამოიღეს, რაც ოფიციალური ინფორმაციით, სინთეზური ოპიოიდის ყველაზე დიდი რაოდენობაა, რომელიც კი ამ ქვეყანაში ოდესმე ამოუღიათ სამართალდამცველებს.

ჯარისკაცებმა და საზღვაო ქვეითებმა ფენტანილი ჩრდილოეთ შტატ სინალოაში ორ ობიექტზე აღმოაჩინეს გასულ სამშაბათს, გვიან საღამოს, ტრამპის გაფრთხილებიდან ზუსტად ერთი კვირის შემდეგ.

წელს მექსიკაში ფენტანილის ამოღება შემცირდა და ექსპერტები ამბობენ, რომ ნარკოტიკებთან ბრძოლის რეიდების გამოცხადების დრო არ შეიძლება შემთხვევითი იყოს.

„აშკარაა, რომ მექსიკის მთავრობა ფენტანილის ამოღების ვადებს აკონტროლებს, – თქვა უსაფრთხოების ანალიტიკოსმა დევიდ საუსედომ, – მაგრამ დონალდ ტრამპის ზეწოლის ქვეშ პრეზიდენტ კლაუდია შეინბაუმის ადმინისტრაცია, როგორც ჩანს, მზად არის გაზარდოს ნარკოტიკების პარტიების დაკავების და ამოღების ინტენსივობა, რასაც ვაშინგტონი ითხოვს“.

მექსიკის უსაფრთხოების მაღალჩინოსანმა თქვა, რომ სამშაბათს, გვიან საღამოს ჯარისკაცებმა და საზღვაო ქვეითებმა შენიშნეს ორი შეიარაღებული მამაკაცი, რომლებმაც ორ სახლს შეაფარეს თავი მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების თანამშრომლები მათ დაედევნენ. ამის შემდეგ დაიწყო რეიდები და ერთ სახლში ჯარისკაცებმა აღმოაჩინეს დაახლოებით 300 კგ ფენტანილი, მეორეში კი – სატვირთო მანქანა, რომელიც 800 კგ-მდე ნარკოტიკით იყო დატვირთული, ძირითადად, აბების სახით.

აგრეთვე, ამოღებულია რამდენიმე ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და დაკავებულია ორი მამაკაცი.

სინთეზური ოპიოიდი აშშ-ში ყოველწლიურად დაახლოებით 70 000 ადამიანის სიკვდილის მიზეზად ითვლება ზედოზირების გამო და აშშ-ის ოფიციალური პირები ცდილობენ, გააძლიერონ ძალისხმევა ამ ნარკოტიკის ამოღების მიმართულებით, რომლებიც აშშ-ში ხშირად აბების სახით შედის. მათ მექსიკაში ამზადებენ ქიმიური პრეკურსორებისგან, რომლებიც, ძირითადად, ჩინეთიდან შეაქვთ.

„ეს ძალზე მასშტაბური ამოღებაა, – ამბობს საუსედო, – მაგრამ თუ ლაბორატორიას არ გაანადგურებენ, მათი წარმოება ისევ გაგრძელდება“.

იმავე დღეს, როდესაც მექსიკის უსაფრთხოების ძალებმა სინთეზური ნარკოტიკების რეკორდული პარტია დააკავეს და ამოიღეს, ხელისუფლებამ მასშტაბური ოპერაციის ფარგლებში 5200-ზე მეტი მიგრანტი დააკავა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მომავალში სამართალდაცვის ზომები გაძლიერდება იმისათვის, რომ მიგრანტებს აშშ-ის საზღვრამდე მისვლაში ხელი შეუშალონ.

პირველი ოქტომბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით 350 000 მიგრანტია დაკავებული.  მექსიკის პრეზიდენტის, კლაუდია შეინბაუმის განცხადებით, ქვეყნის საიმიგრაციო სამსახური აქტიურად მუშაობს, რათა მიგრანტებს ჩრდილოეთისკენ გადაადგილების და აშშ-ის საზღვრამდე მიღწევის საშუალება არ მისცეს.

მიგრანტების დაკავების მასშტაბური ოპერაცია სამშაბათს მექსიკის არმიამ, ეროვნულმა გვარდიამ და სახელმწიფო პოლიციამ განახორციელეს, საიმიგრაციო სამსახურების მხარდასაჭერად.

მექსიკის შეიარაღებულმა ძალებმა ბოლო დროს გაზრდილი პასუხისმგებლობა იკისრეს საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით სამხრეთში, სადაც იმიგრანტები ფეხით ჩადიან ცენტრალური ამერიკიდან.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close