საბერძნეთის აეროპორტში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელმაც პოლიციელს ფეხზე უკბინა – რას აცხადებს ბრალდებული
თესალონიკის სასამართლომ 29 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აეროპორტ „მაკედონიაში“ პოლიციელებს თავს დაესხა და ერთ-ერთ მათგანს ფეხზე უკბინა. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.
ბრალდებული დამნაშავედ ცნეს სხეულის დაზიანებაში, სერიულ შეურაცხყოფაში, წინააღმდეგობის გაწევასა და დაუმორჩილებლობაში. გარდა ამისა, აღიძრა ადმინისტრაციული წარმოება ქვეყნიდან მის დეპორტაციასთან დაკავშირებით, რადგან იგი საბერძნეთში არალეგალურად იმყოფებოდა.
ბერძნული მედიის ცნობით, შემთხვევა სამშაბათს (17 სექტემბერი) ღამით მოხდა, როდესაც 30 წლის ბრალდებული თავის ქვეყანაში გასამგზავრებლად „მაკედონიის“ აეროპორტში მივიდა და გაირკვა, რომ ის საბერძნეთში არალეგალურად იმყოფებოდა. პოლიციის მიერ შემოწმების შემდეგ მისი დაკავება გადაწყდა, რაზეც ბრალდებულმა მძაფრი და აგრესიული რეაგირება მოახდინა და ერთ-ერთ პოლიციელს მისი გაკავების დროს ფეხზე უკბინა.
ბრალდებული თავის განცხადებაში ამტკიცებდა, რომ პოლიციასთან არანაირი პრობლემა არ ჰქონდა და მისი რეაქცია გამოწვეული იყო იმით, რომ ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ ექვსი თვე იმყოფებოდა საბერძნეთში და როცა აეროპორტის კონტროლი გაიარა, აცნობეს, რომ ვიზასთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა.
„მათ წამიყვანეს ოთახში, სადაც პოლიციელმა მითხრა, გამეხადა ფეხსაცმელი, შარვალი და საცვლები. მე ვუთხარი, რომ მრცხვენია და არ მსურს საცვლების გახდა, რადგან ოთახში 4 ადამიანი იყო. მე არ მესმოდა, რა ხდებოდა და არც ენა არ ვიცოდი“, – განაცხადა მან.
აღნიშნულია, რომ 30 წლის მამაკაცი საბერძნეთში პირველად არ იმყოფება, რადგან როგორც თავად აღნიშნა, მისი პარტნიორი ამ ქვეყანაში ცხოვრობს.
mtavari.tv
კომენტარები