თორნიკე შენგელია იტალიის ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო მძიმე ფორვარდად დასახელდა
იტალიის საკალათბურთო ლიგამ (LegaBasket) თორნიკე შენგელია ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო მძიმე ფორვარდად დაასახელა და სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ორგანიზატორებისგან ჯილდო სპეციალურად გამართულ ღონისძიებაზე მიიღო. სიმბოლურ ნარებში თორნიკესთან ერთად მისი თანაგუნდელი მარკო ბელინელიც მოხვდა.
იტალიაში საკალათბურთო სეზონი სუპერთასის გათამაშებით დაიწყო, რომელშიც 4 გუნდი მონაწილეობს, მათ შორის, შენგელიას „ვირტუს ბოლონიაც“.
ნახევარფინალში ბოლონიელები „ნაპოლის“ შეხვდნენ და მოიგეს 96:87. შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 29 წუთი გაატარა. ამ ხნის მანძილზე ქართველმა ფორვარდმა 21 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. თორნიკემ 7-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო და ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.
ფინალში „ვირტუს ბოლონია“ „არმანო მილანოს“ შეხვდება, რომელმაც მეორე ნახევარფინალურ მატჩში „ვენეცია“ დაამარცხა 72:63.
ცნობისათვის, გასულ წელს იტალიის სერია A-ს სუპერთასის გათამაშების ფინალში „ბოლონია“ „ბრეშას“ შეხვდა, 97:60 დაამარცხა და მეოთხედ მოიგო სუპერთასი. გათამაშების MVP-დ თორნიკე შენგელია დასახელდა.
შეგახსენებთ, რომ 32 წლის თორნიკე შენგელია იტალიური კლუბის – „ბოლონიას“ (Virtus Pallacanestro Bologna) შემადგენლობაში 2022 წლიდან თამაშობს.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები