„ყველას თავისი ბერიკა ჰყავდა!.. ძალიან დიდი ტკივილი ხარ, ძმაო, ძალიან დიდი! უსაშველო და მოუშუშებელი!!!“ – დიმიტრი ღვთისიაშვილი
მსახიობ ზურა ბერიკაშვილს, გივი ბერიკაშვილის ვაჟს, რამდენიმე თვის წინ მოულოდნელად ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა – მას გული გაუჩერდა. ზურას ჯერ საქართველოში მკურნალობდნენ, შემდეგ გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნა გახდა შესაძლებელი. ბოლო პერიოდში იგი ისევ საქართველოში, კლინიკაში განაგრძობდა მკურნალობას, მაგრამ… სამწუხაროდ, გულიანი ბიჭის გულმა ცემა საბოლოოდ შეწყვიტა. „ასეთ კაცს მე სხვას არ ვიცნობდი და მეეჭვება, რომ დარჩენილ წლებში ვინმე გავიცნო. … მსგავსი თავმდაბლობის, კეთილშობილების, ადამიანთა მოყვარულ, უკიდურესად ზრდილ, კეთილგანწყობილ, ღიმილიან კაცს არ ეკუთვნოდა ასეთი დასასრული… რა დროს სიკვდილი იყო, ბიჭო?!“ – წერს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ღვთისიაშვილი სოციალურ ქსელში:
„ეს დღეც დადგა! დღე, რომელსაც ყველა ველოდით, განსაკუთრებით ბოლო ორი-სამი თვის განმავლობაში, თუმცა იმდენად დაუშვებლად და წარმოუდგენლად მიგვაჩნდა, რომ საკუთარ თავს არ ვუტყდებოდით შენი ბავშვობის ძმები. იმ ტანჯვისა და იმ ტკივილისთვისაც გვენანებოდი, ბიჭო, მაგრამ რომ შემოგირბენდით პალატაში, თავზე ხელს გადაგისვამდით, იმ გამხდარ ლოყაზეც ისე გიჩქმეტდით, როგორც შენ იცოდი და ეფერებოდი ყველას – ეგოისტურად თითქოს წამიერი სიმშვიდე გვეუფლებოდა. თუ თვალსაც გაახელდი, ვხედავდით, რომ მზერა არსაიდან და არსად არ იყო, მაგრამ ხავსს მაინც ვეჭიდებოდით, თავსაც ვიმშვიდებდით – დამინახაო, იგრძნოო – ვამბობდით. მტერს და ავს, თუ იმ გოლგოთის გზის თითოეულ დღეს გრძნობდი. ცხრა თვე მოდიოდი ამქვეყნად და პრაქტიკულად ცხრა თვე დაგჭირდა იმაშიც, ამ ქვეყანას რომ გაცლოდი. გგონია შეგვაგუე უშენობას? ვერა! და ვერც ვერასოდეს შევეგუებით. ძალიან დიდი ტკივილი ხარ, ძმაო, ძალიან დიდი! უსაშველო და მოუშუშებელი!!! ეს არ უნდა მომხდარიყო! არა და არა! ახლა რა ვქნათ? როგორ ვიყოთ ასე ფრთამოტეხილნი?
ჩემო მეგობრებო, კოლეგებო, არტისტთა დიდ ამქარს მივმართავ! ასეთ კაცს მე სხვას არ ვიცნობდი და მეეჭვება, რომ დარჩენილ წლებში ვინმე გავიცნო. სულით სპეტაკი და სულით ლამაზი კაცი დადიოდა ჩვენ გვერდით და ეს სისპეტაკე გარეგნულადაც ალამაზებდა. მსგავსი თავმდაბლობის, კეთილშობილების, ადამიანთა მოყვარულ, უკიდურესად ზრდილ, კეთილგანწყობილ, ღიმილიან კაცს არ ეკუთვნოდა ასეთი დასასრული. ახლა ამ სიტყვების წაკითხვა რომ შეეძლოს, ჯერ ანათემას გადამცემდა, მერე ბევრს დამცინებდა და მერე თვითონაც გულიანად იხითხითებდა, მაგრამ ეს მართლა ასე იყო. დილიდან არ წყდება სოცქსელებში წერილები და მოგონებები მასზე – ყველას თავისი ბერიკა ჰყავდა. ეს ასეცაა და ბუნებრივიცაა, მაგრამ, ჩემო გიგა, ჩემო მახო, ჩემო ბექა, ჩემო მიშა, ჩემო მამუ, ჩემო ნიკუშ, ჩემო გიგი, ჩემო გობე… ჩვენ ხომ ის ბერიკა გვყავდა, რომელიც მარტო ჩვენი იყო. ის ხომ არცერთის ბერიკას არ ჰგავდა. ის ხომ თითოეული ჩვენგანის ოჯახის წევრი იყო ისევე, როგორც ჩვენ – მისი. ამ საძმოს ვერანაირი წლები ვეღარ გაამთელებს. ისეთი დიდი ნაპრალი გაჩნდა, რომლის ამოვსებას ჩვენი დარჩენილი წლები აღარ ეყოფა. ერთი კია, სიკვდილი გაგვიიოლა, იქ გვეგულება უკვე. რა ბედნიერებაა, რომ არსებობდი. რა ბედნიერებაა, რომ ჩვენ გადავეყარეთ ერთმანეთს და ძმობა შევფიცეთ… სულ ის ფრაზა მიტრიალებს თავში – ძია გივის საფლავის მოწესრიგება რომ დაასრულე, უკბილოდ რომ იხუმრე – ისეთი საფლავი გამოვიდა, სიკვდილი მოგინდებაო კაცს!!! რა დროს სიკვდილი იყო, ბიჭო?!“
ზურა ბერიკაშვილს ორშაბათს, 16 სექტემბერს დაკრძალავენ საბურთალოს პანთეონში.
კომენტარები