15 წლის ანასტასია გოგიჩაიშვილის ბრწყინვალე გამოსვლა ფრანგულ საბავშვო „ვოისში“ – ჟიურის ოთხივე წევრი შემობრუნდა (ვიდეო)
ქართველი მონაწილის წარმატებული გამოსვლა ფრანგულ საბავშვო „ვოისში“ – 15 წლის ანასტასია გოგიჩაიშვილმა ბრმა კასტინგი უპრობლემოდ გადალახა და კონკურსის პირველ ტურში ბარბარა სტრეიზანდის სიმღერის შთამბეჭდავი შესრულებით ჟიურის ოთხივე წევრი შემოაბრუნა.
ანასტასიამ როგორც კი სიმღერა დაასრულა, ჟიურის ერთ-ერთი წევრი, ლარა ფაბიანი გოგონასთან მივიდა, ჯერ ხელები ჩასჭიდა და შემდეგ თავი დაუხარა, რითაც თავისი აღფრთოვანება უსიტყვოდ გამოხატა, შეფასებისას კი კომპლიმენტები არ დაიშურეს არც ლარამ და არც ჟიურის დანარჩენმა წევრებმა.
შემდეგი ტური უკვე რინგია, სადაც ქართველი მონაწილე კიდევ ორ კონკურსანტ გოგონასთან ერთად იმღერებს. მენტორმა უნდა გადაწყვიტოს, ვის დატოვებს პროექტში. მენტორად კი ანასტასიამ პატრიკ ფიორი აირჩია. იქიდან გამომდინარე, რომ პატრიკ ფიორი ანასტასიას ბრმა შესრულების დაწყებიდან მალევე, პირველი შემოტრიალდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი ქართველ კონკურსანტს ვერ შეელევა, თუმცა დაველოდოთ მომავალ შაბათს, როცა ბრძოლების/რინგის ტური გაიმართება.
საფრანგეთში მცხოვრები ქართველი გოგონას წარმატებულ გამოსვლას სოციალურ ქსელში არაერთი აღფრთოვანებული კომენტარი მოჰყვა:
„პატარა ქვეყნის შვილი რომ დიდ ქვეყანაში ამ მასშტაბის კონკურსში გამოირჩევა და ყველას მის ნიჭიერებაზე აალაპარაკებს, დიდი მიღწევაცაა და ჩვენთვის საამაყოც. წარმატებები ჩვენს არაჩვეულებრივ, ნიჭიერ ანასტასიას!“
„უპირობო გამარჯვება ანასტასიას!“
„უნიჭიერესმა ქართველმა გოგომ, 15 წლის ანასტასიამ, ფრანგულ „ვოისში“ ბარბარა სტრეიზანდის სიმღერის უბადლო შესრულებით ოთხივე მწვრთნელი შემოატრიალა წარმატებები ამ საამაყო, ნიჭიერ და უსაყვარლეს გოგოსროგორ გამიხარდა, პატრიკ ფიორი რომ აირჩია“.
ნინო ხოშტარია
კომენტარები