სპორტი

რამდენს უხდიან პარაოლიმპიელებს მედლების მოგებისთვის?

2024 წლის პარიზის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ სტარტი აიღო რიგით მეჩვიდმეტე პარალიმპიურმა თამაშებმა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის ოთხი ათასზე მეტი ათლეტი სპორტის 22 სახეობაში მონაწილეობს.

მართალია, საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტი მედლებისთვის ფულად პრიზს არ აწესებს, მაგრამ საკუთარ სპორტსმენებს ბონუსებს ქვეყნები სთავაზობენ.

CNBC-ის ცნობით, ოქროსა და ვერცხლის მედლებისთვის ათლეტებს ყველაზე მეტს სინგაპური უხდის ($380,000 და $230,000), ბრინჯაოსთვის კი – ისრაელი ($137,000).

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიელებისა და პარალიმპიელებისთვის თანაბარ პრიზებს აწესებს კანადა, საფრანგეთი, ესპანეთი, მალაიზია, ავსტრალია, ისრაელი და სამხრეთ კორეა. იაპონიაში პარალიმპიელები ოქროსთვის სამ მილიონ იენს მიიღებენ, რაც 5 მილიონი იენით ნაკლებია ოლიმპიელების საპრიზო თანხაზე, მაგრამ ვერცხლისა და ბრინჯაოს შემთხვევაში თანხა თანაბარია.

ქვეყნის მიერ პარალიმპიელებისთვის დაწესებული ფულადი პრიზების ოდენობა ასეთია:

ქვეყანა ოქრო ვერცხლი ბრინჯაო
სინგაპური $380,000 $230,000 $115,000
ისრაელი $273,000 $192,000 $137,000
მალაიზია $230,000 $70,000 $23,000
ჰონგ-კონგი $192,000 $96,000 $48,000
ესპანეთი $105,000 $54,000 $34,000
საფრანგეთი $89,000 $45,000 $22,000
ბრაზილია $45,000 $18,000 $9,000
სამხრეთი კორეა $47,000 $26,000 $14,000
აშშ $38,000 $23,000 $15,000
გერმანია $22,000 $17,000 $11,000
იაპონია $21,000 $14,000 $7,000
კანადა $15,000 $11,000 $7,000
ავსტრალია $13,000 $10,000 $7,000

ყველაზე დიდი სხვაობა პარალიმპიელებისა და ოლიმპიელების პრიზებს შორის ჰონგ-კონგსა და სინგაპურშია. ჰონგ-კონგი პარალიმპიელებს ოქროს მედლისთვის 1.5 მილიონ ჰონგკონგურ დოლარს ($192,333) აძლევს, რაც მნიშვნელოვნად დაბალია ოლიმპიელების პრიზთან, 6 მილიონ ჰონკონგურ დოლართან შედარებით.

სინგაპურში პარალიმპიელი ოქროს მედალოსნები 500,000 სინგაპურულ დოლარს ($380,000) მიიღებენ, რაც ოლიმპიელების ფულადი ჯილდოს თითქმის ნახევარია.

პარალიმპიელებისთვის, ისევე როგორც ოლიმპიელებისთვის, საპრიზო თანხას არ აწესებს დიდი ბრიტანეთი, მაგრამ მათ წლიურ სტიპენდიებს სთავაზობს. პრიზების შესახებ ინფორმაცია არაა ცნობილი ჩინეთის შემთხვევაში.

რაც შეეხება საქართველოს, როგორც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, პარალიმპიურ თამაშებზეც ოქროს მედლისთვის 1,000,000-ლარიანი პრემია იქნება დაწესებული, ვერცხლისთვის – 500,000 ლარი, ხოლო ბრინჯაოსთვის – 250,000 ლარი.

CNBC-ის სიაში საქართველო მოხსენიებული არაა, მაგრამ რომ იყოს, ოქროს მედლისთვის ერთმილიონიანი პრიზით იგი მეორე ადგილზე იქნებოდა, რადგან მილიონი ლარი 370,000 ამერიკული დოლარის ეკვივალენტია.

ცნობისთვის, საქართველო 2024 წლის პარალიმპიადაზე სპორტის 6 სახეობაში 14 პარაათლეტით მონაწილეობს. ყველაზე დიდი დელეგაცია პარალიმპიურ თამაშებზე ჩინეთსა (282 ათლეტი) და ბრაზილიას (255 ათლეტი) ჰყავს. მასპინძელი საფრანგეთი შეჯიბრზე 237 ათლეტითაა წარმოდგენილი.

წყარო: forbes.ge

p. s. ამ დროისთვის საქართველოს პარალიმპიური ნაკრების ანგარიშზე უკვე 4 მედალია: ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ოქროს მედალი მძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ მოიპოვა ბირთვის კვრაში, ბრინჯაო – პარატაიკვანდოისტმა ანა ჯაფარიძემ და ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილმა, ხოლო ვერცხლის მედალს 4 სექტემბერს ტყვიის სროლაში (50 მეტრიდან, შაშხანით) ვლადიმერ ჭინჭარაული დაეუფლა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close