დღის თემასაზოგადოებაჩვენი ფავორიტი

ბერი გაბრიელის ხილული სასწაულები – დედა პარასკევას ნაამბობი

დღეს, 26 აგვისტოს მამა გაბრიელის დაბადებიდან 95 წელი შესრულდა

უამრავი ადამიანია მომსწრეა მამა გაბრიელის (ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე) ცხოვრების დროინდელი თუ გარდაცვალების შემდგომ აღსრულებული სასწაულებისა. წლების წინათ სამთავროს დედათა მონასტერში მისული მე და ჩემი მეგობარი ერთი საოცრების მოწმენი თავადაც აღმოვჩნდით.

სამთავროს დედათა მონასტერში დედა პარასკევას უნდა შევხვედროდით, რომელიც სიცოცხლის ბოლო წლებში უვლიდა მამა გაბრიელს და მასთან ინტერვიუ ჩაგვეწერა. ცხადია, შევხვდით. ჩვენი საუბარი ბერი გაბრიელის საფლავთან მიმდინარეობდა, თუმცა მანამდე, სანამ საუბარს დავიწყებდით, საფლავთან ყოფნა საკმაო ხანს მოგვწია, რადგან დედა პარასკევა დაკავებული იყო: კანდელიდან ზეთს უსხამდა საფლავზე რწმენით მისულ ხალხს. იმ დღეს საშინლად ციოდა – ლამის გავიყინეთ. დედა პარასკევამ შეგვამჩნია და გვითხრა, საფლავთან ახლოს მოდით, აღარ შეგცივდებათო. მივედით და… მამა გაბრიელის საფლავიდან საოცარი სითბო მოდიოდა!.. ეს მართლაც სასწაული იყო, რომელიც საკუთარ თავზე გამოვცადეთ.

ჩვენი მონასტერში ყოფნის დროს, იქ მოსულმა ახალგაზრდამ მამა გაბრიელის წინასწარმეტყველების შესახებაც მოგვიყვა, რომელიც საკუთარ თავზე ჰქონდა გამოცდილი.  ერთხელ, მონასტერში მისულს, მამა გაბრიელმა თურმე უთხრა, ცოტა ხანს მოიცადე, არ წახვიდე, თორემ გცემენო. მან არ დაუჯერა და ეკლესიის კარიბჭეს გასცდა თუ არა, იქვე მოქეიფე ხალხი დაინახა და უთხრა, ამ ტერიტორიაზე ღრეობა არ შეიძლება და დაიშალეთო. ნასვამები რას დაუჯერებდნენ?! პირიქით, ჩხუბი დაუწყეს და მალე ახალგაზრდა ნაცემი მიბრუნდა ეკლესიაში…

***

მამა გაბრელი ძალიან უცნაური ბავშვი ყოფილა. დედა პარასკევამ მისი დების ნაამბობიდან გამომდინარე გვითხრა, რომ თურმე თავის ტოლ ბავშვებთან არც კი თამაშობდა, კენჭებისგან ეკლესიებს აშენებდა, შიგ თოჯინებს სვამდა და ამბობდა, ეს ეკლესიაა, თოჯინები კი – ხატებიო, არადა ამ დროს ეკლესიაში ნამყოფიც კი არ ყოფილა და ცხადია, არც ხატები ექნებოდა ნანახი… სახარებაც საოცარ ვითარებაში შეუძენია…

„თურმე ფულს აგროვებდა, რათა ქრისტეს ისტორიის წიგნი შეეძინა. „წავედი იქ, სადაც წიგნები იყიდებოდა, მაგრამ ასეთი წიგნი არავის ჰქონდა, ბოლოს ერთმა მოხუცმა, რომელიც სხვებისგან განცალკევებით იდგა, მკითხა, შვილო, რას ეძებო? „ქრისტეს ისტორია მინდა, ხომ არ გაქვთ-მეთქი? – ვუპასუხე. როგორ არა, აი, ეს არის ქრისტეს ისტორიაო და ერთი წიგნი მაჩვენა, რომელსაც სახარება ეწერა. რა ღირს-მეთქი, როცა ვკითხე, შვიდი თუმანიო, მითხრა. ზუსტად შვიდი თუმანი მქონდა, მივეცი და წიგნი წამოვიღე. რამდენიმე ნაბიჯი გადმოვდგი თუ არა, რატომღაც გავიფიქრე, ქრისტეს ისტორია თუ არის, სახარება რატომ აწერია-მეთქი და უკან მივტრიალდი, რათა მოხუცისთვის მეკითხა, მაგრამ ვერსად ვიპოვე. ხალხს ვკითხე, აქ რომ მოხუცი იდგა, სად წავიდა-მეთქი. გაკვირვებულები დარჩნენ – აქ არავინ მდგარაო“, – ეს ამბავი თვითონ აქვს მოყოლილიო, გვითხრა დედა პარასკევამ და განაგრძო: ასე უცნაურად შეიძინა მამა გაბრიელმა სახარება და მას შემდეგ მხოლოდ ამ მცნებებით ცხოვრობდა“…

ალბათ ამიტომაც მიაღწია ასეთ სიწმინდეს და ამდენ სასწაულს ახდენდა. ერთხელ წვიმაც კი შეუჩერებია:

„ეს ამბავი იმ გარდაცვლილი კაცის მეზობლებმა გვიამბეს, რომლის დაკრძალვაზეც მამა გაბრიელმა წვიმა შეაჩერა. გვითხრეს, საშინლად წვიმდა, ქუჩაში გავლა არ შეიძლებოდა, მამა გაბრიელს ვთხოვეთ, რაიმე ერჩია, ადამიანი ხომ უნდა დაგვესაფლავებინაო? როგორც ამბობენ, მამა გაბრიელი თურმე ქუჩაში გავიდა, თავსხმა წვიმაში დაიჩოქა, ხელები ზეცისკენ აღაპყრო და ლოცვა აღავლინა, წვიმამაც იმ წუთში გადაიღო“… – გაიხსენა დედა პარასკევამ.

დედა პარასკევასთან ერთი საინტერესო ფაქტის გარკვევაც ვცადეთ: თითქოს მონასტერში ახალგაზრდა ქალი მისულა, რომელსაც უთქვამს, ყაჩაღები დამესხნენ თავს, ამ დროს საიდანღაც მამა გაბრიელი გამოჩნდა, ყაჩაღები მის დანახვაზე შეშინდნენ და გაიქცნენო… ამ დროს მამა გაბრიელი უკვე გარდაცვლილი იყოო…

„მსგავსი შემთხვევა მართლა მოხდა, ოღონდ ცოტაოდენი ცვლილებებით. მამა გაბრიელი ავადმყოფობდა. ამ დროს მე უკვე ვუვლიდი მას. ერთ დღეს ერთი ახალგაზრდა ქალი მოვიდა და მამა გაბრიელს უთხრა, მინდა, რომ მოგიაროთო. მომვლელი უკვე მყავს, მაგრამ შენ რატომ გაგიჩნდა ასეთი სურვილიო? – ჰკითხა მამა გაბრიელმა. ახლახან ბანდიტები დამესხნენ თავს, საშველად გიხმეთ, თქვენც იმ წუთში გამოჩნდით კომბლით ხელში. ბანდიტები თქვენს დანახვაზე დაფრთხნენ და გაიქცნენ. მე გაძარცვას გადავურჩი, თქვენ კი ისევე მოულოდნელად გაუჩინარდით, როგორც გამოჩნდით, ამიტომ მადლობის ნიშნად მინდოდა თქვენთვის მომევლოოო… მამა გაბრიელმა ქალს მადლობა გადაუხადა, მაგრამ გამოცხადებაზე არაფერი უთქვამს… ეს ქალი ლტოლვილი იყო“, – გვითხრა დედა პარასკევამ და ამ ფაქტის შესახებაც გვიამბო:

„ერთხელ მამა გაბრიელთან უამრავი ხალხი იყო თავშეყრილი. ერთ-ერთმა უკან დაიხია და გაიფიქრა, ამათ ალბათ ჩემზე მეტად სჭირდებათ მამა გაბრიელის დახმარება, მე ცოტას მოვიცდიო. მამა გაბრიელმა წამსვე გაიგო მისი ფიქრი, მიუტრიალდა და ჰკითხა: შენ, რა, ახლოს ხარ უფალთანო?  მამა გაბრიელი გვასწავლიდა, რომ მოკრძალება, პატივი, სიყვარული დიდი მადლია ღვთის წინაშე, კადნიერება და თავხედობა კი კარგს არაფერს მოუტანს ადამიანს, პირიქით, შემაწუხებელიაო. იგი გულისა და გონების აზრებს კითხულობდა… ერთხელ მამა გაბრიელის სენაკში ცოლ-ქმარი იჯდა. ქალი ფეხმძიმედ იყო. მამა გაბრიელმა უთხრა, ბავშვს ღვთის სიტყვა უთხარით და ისე აღზარდეთო. რას ამბობთ, მამა გაბრიელ, მე კედლის იქით რას ამბობენ, ის არ მესმის და ბავშვი მუცელში რას გაიგებსო, მიმართა ქმარმა. მამა გაბრიელი ქალისკენ მიბრუნდა და უთხრა: ყრმაო, შენ გეუბნები, არ გესმის ღვთის სიტყვაო? ბავშვმა ისეთი ტემპით დაიწყო მუცელში მოძრაობა, რომ ქალმა სთხოვა, მამა გაბრიელ, ბავშვი არ მასვენებს, გარეთ გავალო…“

***

მამა გაბრიელი ბავშვობიდანვე ეკლესიური იყო. მას თავისი სახლის ეზოში აუშენებია პატარა ეკლესია, რომელშიც ბერულად ცხოვრობდა – საწოლის მაგივრად ფანერაზე სძინებია ჭილოფში გახვეულს. იგი 26 წლის ასაკში აღკვეცილა ბერად და მას შემდეგ სხვადასხვა მონასტერში უმოღვაწია, ბოლო 25 წელი კი დედათა მონასტერში გაუტარებია, სადაც ჯერ საქათმეში, შემდეგ კი პატარა სენაკში ცხოვრობდა. 1995 წელს იგი წყალმანკით მძიმედ დაავადდა. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ გაბრიელ ბერი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა. 1995 წლის 2 ნოემბერს არქიმანდრიტი გაბრიელი გარდაიცვალა – გარდაცვალების თარიღიც თავადვე იწინასწარმეტყველა. მისი სისხლი, რომელიც ქირურგმა ზურაბ ვარაზაშვილმა აიღო ანალიზის ჩასატარებლად, უხრწნელია. ბერი გაბრიელი ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეში კურნავდა ხალხს ლოცვით, სიკვდილის შემდეგ კი მისი საფლავის კანდელიდან გადმოსულმა ზეთმაც შეიძინა სამკურნალო ძალა. არაერთი ადამიანისთვის დაუბრუნებია სიცოცხლის რწმენა ამ ზეთის სასწაულმოქმედ ძალას. ეს ფენომენი მეცნიერულად დღემდე შეუსწავლელია.

მამა გაბრიელის საფლავთანაც უამრავი სასწაული აღსრულებულა:

„ერთხელ მამა გაბრიელის ნაცნობი მღვდელი ოჯახთან ერთად მის საფლავზე მოვიდა. მას სამი წლის ბავშვი ჰყავდა, რომელმაც ლაპარაკი არ იცოდა, ჯერ ერთი სიტყვაც არ ეთქვა და მშობლები, ცხადია, ღელავდნენ. მამა გაბრიელის საფლავზე ხილი ელაგა. ბავშვმა ერთი ქლიავი აიღო და შეჭამა. მამა გაუწყრა, ქლიავი ნებართვის გარეშე რატომ აიღეო… ბავშვმა მამას შეხედა და ყველასთვის მოულოდნელად უპასუხა: მამიკო, მინდოდა და იმიტომ შევჭამეო… ბავშვის ახლობლები სიხარულს ვერ მალავდნენ… ერთ ფაქტსაც მოგიყვებით: ერთხელ მამა გაბრიელის საფლავზე ერთი მორწმუნე კაცი მოვიდა და მამა გაბრიელს შესთხოვა, სარწმუნოებაში განმამტკიცეო, თან მისი საფლავიდან ცოტა მიწა აიღო, თიხის ქოთანში ჩაყარა და სახლში წაიღო. მეორე დღეს ისევ მოვიდა ჩვენთან თავისი ქოთნიანად, გაოცებული და გახარებული… და იცით, რა მოხდა? თიხა რაღაცამ გამოტეხა და ირგვლივ პატარა ყვავილები გამოვიდა – არც ღერო ჰქონდათ და არც ფოთლები… ქოთანი ჩვენთან ინახება, ყვავილები გახმა, მაგრამ ნარჩენები მაინც არის შემონახული. გამოსაკვლევადაც კი წაიღეს, მაგრამ ბიოლოგებმა ვერაფერი დაადგინეს. ყვავილი ბიოლოგიურად არსებობს, მაგრამ საზრდოს საიდან იღებს, გაურკვეველიაო – ასეთი იყო გამოკვლევის პასუხი“, – გვიამბო დედა პარასკევამ.

***

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, 2012 წლის 20 დეკემბერს მამა გაბრიელი წმინდანად შეირაცხა და ეწოდა ღირსი მამა არქიმანდრიტი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი. მისი ხსენების დღედ წმინდანის აღსრულების დღე, 2 ნოემბერი დაწესდა.

2014 წლის 22 თებერვალს სამთავროს ფერისცვალების მონასტრის ეზოში წმინდა მამა გაბრიელის საფლავი გაიხსნა. მამა გაბრიელი საფლავიდან აღმოიყვანეს, ხის ლუსკუმაში ჩაასვენეს და სამთავროს ფერისცვალების ეკლესიაში გადაასვენეს.

„ყოველთა სენთა საკურნებლად, შეცოდებულთა სულთა გამომხსნელად, ყოველი ბოროტების შემმუსვრელად და შემაკავებლად გამოჩნდი, ღმერთშემოსილო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის!“

 თამარ ოთიაშვილი

ამავე თემაზე: 12 რჩევა მამა გაბრიელისგან

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close