ნინო სალუქვაძის სახელი გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევა – ის პირველი ქალი სპორტსმენია, რომელმაც 10 ოლიმპიადაზე იასპარეზა
ქართული სპორტის ლეგენდამ, ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ პარიზის თამაშებში, თავის მე-10 ოლიმპიადაზე გამოსვლა უმედლოდ, მაგრამ მაინც სახელოვნად დაასრულა. იგი მსოფლიოში ერთადერთი ქალი სპორტსმენია, რომელსაც ათ ოლიმპიურ თამაშებზე უასპარეზია.
„ახლა ჩემი რეკორდით მთელი მსოფლიო გაიცნობს სად არის საქართველო“, – განაცხადა ნინო სალუქვაძემ პარიზის ოლიმპიადიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ:
„ჩემთვის საამაყო იყო ის, რომ გავუთანასწორდით მამაკაცებს ქალები. მხოლოდ ერთი კაცია კანადელი, რომელმაც მიიღო მონაწილეობა 10 ოლიმპიადაზე, ახლა ჩემი რეკორდით მთელი მსოფლიო გაიცნობს, სად არის საქართველო. ეს ჩაიწერება გინესების წიგნშიც. ვიმედოვნებ, რომ მე-11 ოლიმპიადაზე წავალ, მხოლოდ მწვრთნელის ამპლუაში და გავყვები არა ერთს, არამედ რამდენიმე ტყვიის მსროლელს და აუცილებლად გამოერევიან ქალბატონებიც, რომლებიც აიღებენ მედლებს“, – განაცხადა ლეგენდარულმა სპორტსმენმა.
55 წლის ნინო სალუქვაძე პირად თუ გუნდურ ასპარეზობებზე, პნევმატური და სპორტული პისტოლეტიდან სროლის დისციპლინაში მსოფლიო ჩემპიონატების 6 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლის, ევროპის ჩემპიონატების 17 მედლის, სუპერთასის ცხრაგზის მფლობელი და ცხრამეტგზის მსოფლიო რეკორდსმენია. დღემდე ვერავინ მოხსნა 1989 წელს ზაგრებში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მის მიერ დამყარებული რეკორდი – სპორტული პისტოლეტიდან სროლაში მოპოვებული 593 ქულა. ნინო სალუქვაძე ფლობს სამივე სინჯის ოლიმპიურ მედალს – 1988 წელს სეულში ოქროს (25 მ) და ვერცხლის (10 მ) ჯილდოები მოიპოვა, 2008 წელს კი პეკინში ბრინჯაოს (10 მ) მედლის მფლობელი გახდა.
ნინოს კიდევ ერთი რეკორდი ეკუთვნის – 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ნინო და მისი ვაჟი, ცოტნე მაჭავარიანი პირველი დედა-შვილი გახდა, რომელმაც ოლიმპიადაზე ერთად იასპარეზა.
ერთ-ერთ ინტერვიუში ნინო სალუქვაძე თქვა: „სპორტი ჩემი ცხოვრებაა. მან ბევრი რამ შემძინა, პირველ რიგში, მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, ადამიანები, რომლებსაც მთელი არსებით ვენდობი. ხშირად დავდივართ ერთმანეთთან სტუმრად. სპორტულ საზოგადოებაშიც გარკვეული იმიჯი მაქვს. კოლეგებმა იციან ჩემი შესაძლებლობებიც და ისიც, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჰქონდეთ ჩემი იმედი. ზოგჯერ ქუჩაშიც მცნობენ, მადლობას მეუბნებიან იმისთვის, რომ ჩემი საქმიანობით პატარა სიხარული მაინც ვაჩუქე. ეს ნდობა და სიყვარული ჩემთვის ტიტულებზე მეტს ნიშნავს“.
ნინო სალუქვაძე კიდევ ერთი ტიტულის მფლობელია – მას უკვე უწოდებენ ქართული სპორტის ლეგენდას.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები