დღის თემამსოფლიოსპორტი

კიდევ ორი ოქროს მედალი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ყულაბაში: გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე ჩემპიონები გახდნენ, ლაშა – უკვე სამგზის!

10 აგვისტო ძალიან შედეგიანი გამოდგა საქართველოს ოლიმპიური ნაკრებისთვის: ჩვენი ორი ათლეტი გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე, თანაც ლაშა ტალახაძემ ოლიმპიური ოქრო მესამედ მოიპოვა. შესაბამისად, პარიზში საქართველოს ჰიმნი 10 აგვისტოს ორჯერ აჟღერდა, ხოლო საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ყულაბაში კიდევ 2 ოქრო აჩხრიალდა. 

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა (-125 კგ) შეჯიბრების ფინალში ასპარეზობის საგზური წინა დღით, 9 აგვისტოს მოიპოვა. პეტრიაშვილმა ჩემპიონობისთვის შერკინებაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, 23 წლის ირანელი ფალავანი – ამირ ჰოსეინ ზარე 10:9 დაამარცხა და საქართველოს პარიზის ოლიმპიადაზე მეხუთე მედალი (მეორე ოქრო) მოუტანა.

პირველივე ნახევარში გენომ აქტიურად შეუტია მეტოქეს, ეფექტური გდებების შემდეგ 11:1 დაწინაურდა. თავისუფალ ჭიდაობაში 10-ქულიანი უპირატესობა უკვე გამარჯვებას ნიშნავს, თუმცა მსაჯებმა ჩელენჯის შემდეგ ქართველს ერთი ქულა ჩამოაკლეს, ანგარიში 10:1 გახდა და შეხვედრა გაგრძელდა.

მეორე ნახევარში ზარემ ძალების მაქსიმალური მობილიზებით შეუტია მეტოქეს, ანგარიში 10:9-მდე აიყვანა, თუმცა პეტრიაშვილის დამარცხება ვეღარ შეძლო.

30 წლის ქართველმა ფალავანმა მერვედფინალში უკრაინელი ხოციანივსკი 11:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში პოლონელ რობერტ ბარანს 9:2 სძლია, ხოლო ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით გამომსვლელ გიორგი მეშვილდიშვილს 7:0 მოუგო (მეშვილდიშვილმა საბოლოოდ ბრინჯაო მოიპოვა)

აქამდე პეტრიაშვილი რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოსა და ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედლებს ფლობდა. იგი მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონიცაა.

ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე (+102 კგ) კი, როგორც მოსალოდნელი იყო, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. პარიზის ოლიმპიადაზე ტალახაძემ ორჭიდის ჯამში 470 კილოგრამი დააფიქსირა და ოქროს მედალს დაეუფლა.

ლაშამ ატაცში 210 და 215 კილოგრამი დაძლია, აკვრაში კი 247 და 255 კილოგრამი ასწია.

ვერცხლის მედალი სომხეთის წარმომადგენელ ვარაზდატ ლალაიანს ერგო, მან ორჭიდის ჯამში 467 კილოგრამი დააგროვა. ბრინჯაოს მედალს ბაჰრეინის სახელით გამომსვლელი სომეხი გორ მინასიანი დაეუფლა, რომელმაც ორჭიდის ჯამში 461 კგ დაძლია.

ლაშა ტალახაძე ვიქტორ სანეევის (სამხტომი) შემდეგ პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიური თამაშები სამჯერ მოიგო. ლეგენდარულმა ძალოსანმა ოქროს მედალი რიოსა და ტოკიოს ოლიმპიადებზეც მოიპოვა.

რაც შეეხება საქართველოს დელეგაციის მონაგარს, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენს ნაკრებს უკვე 6 მედალი აქვს: 3 ოქრო, 2 ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. პეტრიაშვილის და ტალახაძის გარდა ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ძიუდოისტი ლაშა ბექაური , ვერცხლის მედლებს ძიუდოისტები – ილია სულამანიძე და ტატო გრიგალაშვილი დაეუფლნენ, ხოლო მოკრივე ლაშა გურულმა ბრინჯაო მოიპოვა.

მედლების ამ მონაგრით საქართველო ამ დროისთვის 24-ე ადგილზეა, თუმცა აქვს შანსი, რომ კიდევ წინ წაიწიოს – რეალურად ჩვენი ოლიმპიური ნაკრების ყულაბაში უკვე 7 მედალია (მეშვიდე მედლის სინჯი, ოქრო იქნება თუ ვერცხლი, 11 აგვისტოს გაირკვევა) – თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, ევროპის ორგზის ჩემპიონმა გივი მაჭარაშვილმა (97კგ) 10 აგვისტოს ფინალის საგზური მოიპოვა და დღეს, 11 აგვისტოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. ფინალში  ქართველ ფალავანს ბაჰრეინის წარმომადგენელი ახმედ ტაჟუდინოვი დაუპირისპირდება. ამით დასრულდება პარიზის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების გამოსვლა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close