გივი მაჭარაშვილმა პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა – ნახეთ საქართველოს მონაგარი
პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.
გუშინდელი წარმატებული დღის შემდეგ მაჭარაშვილი ფინალში გადავიდა, რომელიც დღეს გაიმართა. ქართველი ფალავანი ბაჰრეინის წარმომადგენელთან, ახმედ ტაჟუდინოვთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
პარიზის ოლიმპიადა საქართველოს ნაკრებმა არც თუ ურიგო შედეგით დაასრულა – ჩვენმა დელეგაციამ შვიდი მედალი მოიპოვა: ჩემპიონები გახდნენ ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა), ლაშა ბექაური (ძიუდო) და გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ვერცხლის ჯილდოები მოიპოვეს გივი მაჭარაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა), ილია სულამანიძემ და ტატო გრიგალაშვილმა (ორივე ძიუდო), ხოლო ბრინჯაოს მედალი ლაშა გურულის (კრივი) ანგარიშზეა.
ამ მონაგრით საქართველო მედლების ჩათვლაში 24-ე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: ბელგია (25-ე ადგილი), ისრაელი (41-ე), პოლონეთი (42-ე), შვეიცარია (48-ე), პორტუგალია (50-ე), საბერძნეთი (51-ე), არგენტინა (52-ე), თურქეთი (64-ე), ინდოეთი (71-ე) და სხვ.
ეს მაჩვენებელი საუკეთესოა ჩვენი ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის ისტორიაში. პარიზი 2024-მდე ყველაზე წარმატებული საქართველოსთვის პეკინი 2008 იყო, სადაც სამი ოქრო, ორი ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოვიპოვეთ.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები