შოვში, ტრაგედიის ადგილას 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის საძირკველი მეუფე ვახტანგმა აკურთხა
შოვში სტიქიის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი და ტაძარი აშენდება.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელიც დღეს, 3 აგვისტოს სტიქიის ადგილზე იმყოფებოდა.
„შოვში, ტრაგედიის ადგილზე აშენდება ტაძარი, ეს არის ერთგვარი მცირე თანაგრძნობა, რომელიც შეიძლება იყოს გამოხატული იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც დაეღუპათ ოჯახის წევრები. ზუსტად ერთი წელი გავიდა შოვის ტრაგედიიდან. ჩვენ ყველას გვახსოვს ის უმძიმესი დღეები, რომლებიც ყველამ გამოვიარეთ, თუმცა ყველაზე მძიმე, რა თქმა უნდა, ჭირისუფლებისთვის იყო ეს დღეები და კიდევ ერთხელ მინდა, მათ მივუსამძიმრო. ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია, რომელმაც შეძრა მთელი ქვეყანა და ჩვენი ვალია დღეს, რომ მაქსიმალური ყურადღება და თანაგრძნობა გამოვხატოთ. არის, მათ შორის, კონკრეტული თხოვნები ტერიტორიის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანია ჭირისუფლებისთვის და აუცილებლად ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ყველა თხოვნა შევასრულოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრი შოვში პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდა.
ირაკლი კობახიძე ერთი წლის წინ მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს გაესაუბრა და კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა, სასულიერო პირებთან ერთად, ტრაგედიის მსხვერპლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა და 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის საძირკველი აკურთხა.
შოვში ზუსტად ერთი წლის წინათ, გასული წლის 3 აგვისტოს ჩამოწოლილ მეწყერს 33 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 32-ის ცხედარია ნაპოვნი. ამ დრომდე ვერ იპოვეს ზაზა მესხის 12 წლის ვაჟიშვილი. თვითონ ზაზა მესხი თავის უკრაინელ მეუღლესთან, 2 შვილთან და გერთან ერთად ტრაგედიის დროს დაიღუპა.
ამავე თემაზე: შოვში დაკარგული კიდევ ერთი ბავშვის ცხედარი იპოვეს, მსხვერპლთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა; ერთ მოზარდს ისევ ეძებენ
შოვის ტრაგედია: ერთი მოზარდის ცხედრის ძებნა ისევ გრძელდება
კომენტარები