7 თვის ორსული მოფარიკავე ოლიმპიადაზე: „გგონიათ, რომ ორ სპორტსმენს ხედავთ, სინამდვილეში სამნი ვართ…“
7 თვის ფეხმძიმე ეგვიპტელი მოფარიკავე ოლიმპიადაზე გამოვიდა, ერთი შეხვედრა მოიგო კიდეც და მერვედფინალში გავიდა.
26 წლის ნადა ჰაფეზი პარიზის ოლიმპიადაზე ორსული ჩავიდა და სერიოზულ წარმატებას არ ელოდა, მით უმეტეს, რომ პირველ მატჩში მას მსოფლიო რეიტინგის მეშვიდე ნომერთან, აშშ-ის ნაკრების მოფარიკავე ელიზაბეთ ტარტაკოვსკისთან ბრძოლა მოუწია. მაგრამ ნადამ 15:13 მოიგო!
1/8-ში გამარჯვების სერიის გაგრძელება ვერ მოხერხდა, ეგვიპტელი სამხრეთ კორეელ ჩუნგ ჰა-იუნთან დამარცხდა. თუმცა ამას უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა.
გამარჯვების შემდეგ ნადამ ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ 7 თვის ორსულია.
„ფოტოზე ორ სპორტსმენს ხედავთ, სინამდვილეში კი სამნი ვართ: მე, ჩემი კონკურენტი და ჩემი პატარა. გამოწვევები მქონდა, როგორც ფიზიკური, ისე ემოციური. ორსულობა თავისთავად რთულია. ბრძოლა ცხოვრებისა და სპორტის ბალანსის შესანარჩუნებლად დაძაბული იყო, თუმცა ღირდა.
ამ პოსტს ვწერ, რადგან ძალიან ამაყი ვარ მერვედფინალში გასვლის გამო! ამ ბედნიერებას ჩემს მეუღლესა და ოჯახს ვუზიარებ“, – დაწერა მან.
აღსანიშნავია, რომ ეს ნადა ჰაფეზის მესამე ოლიმპიადაა და საუკეთესო შედეგი მან სწორედ პარიზში აჩვენა თავის პატარასთან ერთად, რომელიც, ფაქტობრივად, რეკორდსმენია, როგორც ოლიმპიადის ყველაზე პატარა მონაწილე. მისი ასაკის ათვლა ხომ რამდენიმე კვირაში დაიწყება – მას შემდეგ, რაც სამყაროს მოევლინება.
View this post on Instagram
მანანა ბანძელაძე
კომენტარები