ევროპელთა უმრავლესობა ამბობს, რომ მათ ქვეყანაში კორუფციაა გავრცელებული, – ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ „ევრობარომეტრის“ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ევრობარომეტრის“ კვლევის თანახმად, ევროპელთა 68 პროცენტმა განაცხადა, რომ კორუფცია არის გავრცელებული, ყველაზე მაღალი პროცენტი კი გამოიკვეთა საბერძნეთის (98 პროცენტი), პორტუგალიის (96 პროცენტი), მალტის (95 პროცენტი) და სლოვენიის (95 პროცენტი) მცხოვრებლებში.
ყველაზე დაბალი პროცენტი დაუწერეს გამოკითხულებმა ფინეთში (18 პროცენტი), დანიასა (26 პროცენტი) და ლუქსემბურგში (43 პროცენტი).
ევროპელების დაახლოებით მეოთხედმა (27 პროცენტი) განაცხადა, რომ მათ პირადად გამოსცადეს კორუფცია ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხოლო 75 პროცენტმა თქვა, რომ ბიზნესი და პოლიტიკა ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული, რაც ქმნის პირობებს კორუფციის აყვავებისთვის.
გამოკითხვა გამოქვეყნდა ევროკომისიის ყოველწლიური კანონის უზენაესობის ანგარიშთან ერთად, რომელიც ასახავს ანტიკორუფციულ ზომებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.
„პოლიტიკო“ წერს, რომ 2024 წლის მოხსენებამ გამოიწვია შეშფოთება ევროკავშირში „გარკვეული სისხლის სამართლის რეფორმების“ შესახებ, რომლებიც „კორუფციასთან ბრძოლას ძირს უთხრის“.
კვლევამ გამოყო სლოვაკეთი, სადაც კანონმდებლებმა თებერვალში დაამტკიცეს გეგმა კორუფციისა და თაღლითობისთვის სასჯელის შემცირების შესახებ და იტალია, რომელმაც ახლახან გააუქმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
1tv.ge
კომენტარები