ტრაგედია ნეაპოლში – სახლის აივნის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 13 კი დაშავდა (ვიდეო)
ტრაგედია ორშაბათს, 22 ივლისს, გვიან საღამოს ნეაპოლის სკამპიის რაიონში მოხდა. ნაგებობის მესამე სართულზე შიდა აივანი ჩამოინგრა, რამაც მეორე და პირველი სართულები დააზიანა. დაიღუპა 2 ადამიანი, ცამეტი კი დაშავდა, 800 ადამიანი ევაკუირებულია. ამის შესახებ ANSA იტყობინება
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაახლოებით საღამოს 22:30 საათზე, სოციალური სახლის Viale della Resistenza di Scampia-ს შენობის მხრიდან საშინელი ხმა გაისმა, თითქოს შენობის შიგნით რაღაც აფეთქდა – მესამე სართულის შიდა აივანი, რკინისა და ბეტონის ნაგებობა, უცაბედად ჩამოიშალა და ქვედა სართულების აივნები ჩამოანგრია, რამაც დომინოს ტრაგიკული ეფექტი შექმნა. ამ დროს ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი აივანზე იმყოფებოდა.
უბედურების ზონაში მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან 29 წლის მამაკაცი და 35 წლის ქალი გამოიყვანეს. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მძიმედ დაშავებული 35 წლის ქალი კი – საავადმყოფოში. დაშავდა სახლის კიდევ 13 მცხოვრები, მათ შორის, 2-დან 8 წლამდე ასაკის შვიდი ბავშვია. რამდენიმე მათგანი რეანიმაციაშია მოთავსებული.
ნეაპოლის მერმა მიკელე დი ბარიმ დაზარალებულთა დასახმარებლად სამაშველო საკოორდინაციო ცენტრი შექმნა. პოლიციამ გამოძიება დაიწყო.
Quello successo a Scampia è davvero una tragedia enorme , spero qualcuno prenda seri provvedimenti e riqualifichi tutto , la gente non può più vivere lì . #Scampia pic.twitter.com/IAn8MsUGBI
— Soqquadro 🇵🇸 (@gicarestik2) July 22, 2024
Vela Celeste არის ერთ-ერთი ბოლო სოციალური სახლი, რომელიც ფუნქციონირებდა. დანარჩენი შენობების დანგრევა გადაწყდა მაცხოვრებლებისთვის უფრო ღირსეული საცხოვრებლის უზრუნველსაყოფად. აპრილში გამოცხადდა მანფრედის ადმინისტრაციის ურბანული რეგენერაციის გეგმა, რომელიც ასევე ეხება Vela B-ის (ე. წ. „ველა სელესტე“) განახლებას. გარეუბნების გეგმის ფარგლებში დაახლოებით 18 მილიონი ევრო გამოიყო.
Le Vele di Scampia არის საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც ნეაპოლის ამავე სახელწოდების რაიონში 1962-1975 წლებში აშენდა. ის თავდაპირველად 7 შენობისგან შედგებოდა, რომლებიც 115 ჰექტარ ფართობზე იყო განლაგებული. ამ შენობიდან ოთხი 1997, 2000, 2003 და 2020 წლებში დაანგრიეს. დარჩენილი სამიდან ორს დაანგრევენ, ხოლო მესამსე განაახლებენ.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები