არტისტი

შერონ სტოუნი აცხადებს, რომ ინსულტის შემდეგ მთელი ქონება დაკარგა – „ეგონათ, რომ მოვკვდებოდი“

შერონ სტოუნი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც 2001 წელს ინსულტი გადაიტანა, დანაზოგის გარეშე დარჩა, რადგან „ხალხმა ისარგებლა“ მისი მდგომარეობით. ჰოლივუდის ვარსკვლავმა 18 მილიონი დოლარი დაკარგა და ავადმყოფობამ სრულიად შეცვალა მისი შეხედულებები.

„ძირითადი ინსტინქტის“ ვარსკვლავმა The Hollywood Reporter-ს განუცხადა, რომ საკმაოდ დიდი ქონება დააგროვა თავისი წარმატებული კინოკარიერის დროს 1990-იან წლებში, მაგრამ უსახსროდ დარჩა მას შემდეგ, რაც 2001 წელს თავის ტვინში სისხლჩაქცევა დაემართა და შემდგომ გამოჯანმრთელებისთვის დაიწყო ბრძოლა. აღმოჩნდა, რომ მსახიობის მდგომარეობით ისარგებლეს ადამიანებმა, რომლებიც დარწმუნებული იყვნენ, რომ იგი ინსულტისგან არ გამოჯანმრთელდებოდა.

„18 მილიონი დოლარი მქონდა დანაზოგი, მაგრამ ერთ დღეს ჩემს საბანკო ანგარიშს რომ გადავხედე,  ვნახე, რომ ყველაფერი გაქრა. ჩემი მაცივარი, ჩემი ტელეფონი – ყველაფერი სხვა ადამიანებზე იყო გაფორმებული. ფული არ მქონდა“, – განაცხადა შერონმა.

ინტერვიუში 66 წლის სტოუნი აღნიშნავს, რომ დაავადებამ მისი შეხედულებები მთლიანად შეცვალა: „100%-ით. მე მქონდა სიკვდილის გამოცდილება, შემდეგ კი უკან დამაბრუნეს. ბუდისტმა ბერმა მითხრა, რომ იმავე სხეულში ვიყავი რეინკარნირებული. ცხრა დღე სისხლდენა მქონდა, ამიტომ ტვინმა თავის წინა მხარეს გადმოიწია. არაფერი არ იყო ჩემს თავში ისე, როგორც ადრე, ყველაფერი შეიცვალა: ჩემი ყნოსვა, ხედვა, შეხების შეგრძნება. რამდენიმე წელი ვერ ვკითხულობდი. ბევრს ეგონა, რომ მოვკვდებოდი“.

ინსულტის შემდეგ მსახიობის გამოჯანმრთელებას  რამდენიმე წელი  დასჭირდა და მან შეძლო ეპოვა ძალა წინსვლისთვის მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი დაკარგა, რადგან „დარჩენა აწმყოში და წარსულის გაშვება“ გადაწყვიტა. იგი თანდათან დაუბრუნდა გადაღებებს, ასევე გადაწყვიტა, დაუფლებოდა მეორე პროფესიას – მხატვრობას.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Sharon Stone (@sharonstone)

 

ზოგჯერ პირდაპირ აუზიდან ამოსული ვიწყებ ხატვასო, წერს ინსტაგრამში შერონ სტოუნი და  66 წლის ასაკისთვის ძალიან თამამ ფოტოს აქვეყნებს მარტო ბიკინიში. 

„გადავწყვიტე, არ შევჩერებულიყავი ჩემს ავადმყოფობაზე, სიმწარეზე ან ბრაზზე. თუ კბილებით ჩააფრინდებით სიმწარის თესლს, ის არასოდეს დაგტოვებთ, მაგრამ თუ გექნებათ რწმენა, თუნდაც ხორბლის მარცვლის ტოლი, გადარჩებით. ასე რომ, ახლა სიხარულისთვის ვცხოვრობ. მე ვცხოვრობ მიზნისთვის“, – ამბობს სტოუნი.

გასულ წელს ჟურნალ Vogue-თან ინტერვიუში მსახიობმა გადატანილ ინსულტზე ისაუბრა და აღიარა, რომ თავიდან ექიმებმა ვერ დაინახეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროება და ლამის სახლში გაუშვეს მკურნალობის გარეშე მიუხედავად იმისა, რომ აუტანელი თავის ტკივილი სტანჯავდა.

ავადმყოფობამდე ცოტა ხნით ადრე, 2000 წელს მსახიობმა მეორე ქმართან, გაზეთ San Francisco Chronicle-ის რედაქტორ ფილ ბრონშტეინთან ერთად იშვილა ბიჭუნა – როენი, რომელიც დედის კვალს გაჰყვა და სამსახიობო კარიერა დაიწყო. განქორწინების შემდეგ შერონმა, რომელსაც 9-ჯერ მოეშალა მუცელი და საკუთარი ბიოლოგიური შვილი ვერ გააჩინა, კიდევ ორი ​​ბიჭი – ლერდი და კუინი იშვილა.

შერონ სტოუნი ბავშვობიდან აქვს შაქრიანი დიაბეტი და ინსულინით თერაპიაზეა დამოკიდებული. ახლა ვარსკვლავი აქტიურად უწევს პროპაგანდას პილატესს და იოგას, მკაცრად აკონტროლებს კვებას და არ იღებს ალკოჰოლს.

რამდენიმე დღის წინ 66 წლის შერონ სტოუნმა წითელი ფერის არშიებიან ქვედა თეთრეულში ფოტო გადაიღო  და „ძირითადი ინსტინქტის“ სახე გაიმეორა. მან ფოტო ინსტაგრამში გააზიარა, რასაც თაყვანისმცემელთა აღფრთოვანებული შეფასებები მოჰყვა.

თამთა გურული

 

View this post on Instagram

 

A post shared by Sharon Stone (@sharonstone)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close