გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი ქეთევან კიკნაძე
9 ივლისს, 85 წლის ასაკში, გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი ქეთევან კიკნაძე.
ქეთევან კიკნაძე 1939 წლის 10 მაისს დაიბადა ქალაქ ბორჯომში.1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1959 წლიდან იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი; გადაღებულია 16-ზე მეტ მხატვრულ, სატელევიზიო ფილმსა და სერიალში: მარიამი („შეხვედრა წარსულთან“), თინა („ტარიელ გოლუა“), ბეჩუნი პერტია („დათა თუთაშხია“), ზაზას დედა („თეთრი ბაირაღები“), მარგო („პრემიერა“), ქეთევან დედოფალი („წიგნი ფიცისა“) და სხვ. მონაწილეობდა 100-მეტ სპექტაკლში.
ქეთევან კიკნაძე არის საქართველოს დამსახურებული არტისტი, მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და პრიზები: 2005 წელს გახდა ბორჯომის საპატიო მოქალაქე; 1999 წელს მიენიჭა ღირსების ორდენი ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის; 1991 წელს გახდა ჯეიმს თაუნის (აშშ) საპატიო მოქალაქე; 1987 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება; 1987 წელს – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია; კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია.
2017 წლის 10 მაისს მარჯანიშვილის თეატრის წინ ქეთევან კიკნაძის ვარსკვლავი გაიხსნა. ახლა კი ქეთევან კიკნაძე ვარსკვლავეთში გადასახლდა.
ქეთევან კიკნაძეს 12 ივლისს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდი 12 ივლისს მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება. მსახიობს თეატრიდან 12 ივლისს, 15:00 საათზე გამოასვენებენ.
სხვათა შორის, მისი ცხოვრების თანამგზავრი, რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძეც 85 წლის ასაკში გადასახლდა ზეციურ საქართველოში 2013 წლის 13 ივნისს.
ამ ინტერვიუში გიგა ლორთქიფანიძე თავის მეუღლეზეც საუბრობს:
„უკვე ჩამოყალიბებული რეჟისორი ვიყავი, როდესაც ჩემი მეგობრის, მიხეილ თუმანიშვილის სადიპლომო სპექტაკლში „მეექვსე სართულზე“ ვნახე ქეთინო (ქეთევან კიკნაძე – რედ. მიშა მათ ჯგუფს ასწავლიდა) და ისე ძალიან მომეწონა, რომ გადავწყვიტე, ჩემი მეუღლე გამხდარიყო…“
ასევე დაგაინტერესებთ: „დათა თუთაშხიას“ ეკრანიზაციის საინტერესო დეტალები (ვიდეო)
კომენტარები