ვიდეომედიცინარას არ გაიგებ/ფაქტები

„ქირურგი“ ჭიანჭველები – ინფიცირების შემთხვევაში ისინი ერთმანეთს კიდურების ამპუტაციას უტარებენ (ვიდეო)

ჭიანჭველები ველურ ბუნებაში ერთადერთი „ქირურგები“ აღმოჩნდნენ – ეს მწერები ინფიცირების შემთხვევაში ერთმანეთს კიდურების ამპუტაციას უკეთებენ და ასე ეხმარებიან თანამოძმეებს სიცოცხლის გადარჩენაში.

შვეიცარიის ლოზანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კოლეგებთან ერთად დაადგინეს, რომ ჭიანჭველებს ერთმანეთის კიდურების ამპუტაცია შეუძლიათ. მკვლევრების ამ გასაოცარი აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია ჟურნალ Current Biology-ში დაიბეჭდა. მათი თქმით, ადრე ითვლებოდა, რომ ამპუტაციის ჩატარება მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ.

მეცნიერები ექსპერიმენტის დროს ჭიანჭველებს კიდურებს ბარძაყის მიდამოში უზიანებდნენ და აღმოაჩინეს, რომ სხვა ჭიანჭველები მათ კიდურების ამპუტაციას უტარებდნენ დაზიანების ზევით კბენის მეშვეობით. ამასთან, ისინი ტრავმის მიღებიდან 40 წუთის განმავლობაში მოქმედებდნენ და ეს სისწრაფე „პაციენტის“ გადარჩენის შანსებს ზრდიდა, რადგან ამ დროში ინფექცია გავრცელებას ვერ ასწრებს.

ამავე დროს, მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ჭიანჭველებს, დაზიანების სიმძიმის მიხედვით, „მკურნალობის“ ტიპის შეცვლაც შეუძლიათ. თუ იარა წვივზე იყო, ისინი ამპუტაციაზე უარს ამბობდნენ, უბრალოდ, ლოკავდნენ ჭრილობას და ნერწყვით ცდილობდნენ ინფექციის გავრცელების რისკის შემცირებას.

მეცნიერებმა საინტერესო სტატისტიკაც გამოაქვეყნეს – ბარძაყის ამპუტაციის შემდეგ „პაციენტის“ გადარჩენის მაჩვენებელი 90-95%-ის ფარგლებში მერყეობს. ტრავმების შემდეგ მიღებული დაზიანებების შემთხვევებში კი, რომლებსაც არ მკურნალობდნენ, დაშავებული ჭიანჭველების გადარჩენის მაჩვენებელი დაახლოებით 40% აღმოჩნდა. წვივის ტრავმის შემთხვევაში თანამოძმეთა მიერ ჩატარებული მკურნალობა დაშავებული ამ მწერების 75%-ს დაეხმარა გადარჩენაში და მკურნალობის გარეშე კი გადარჩენის მაჩვენებელი დაახლოებით 15% იყო.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close