საუკეთესო ჩაჭრა! – გაიცანით ქართველი მცველი, რომელმაც რონალდუ გააჩერა და ჩვენი გუნდი საბედისწერო დარტყმას გადაარჩინა (ვიდეო)
2024 წლის ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების გასვლამ სენსაცია გამოიწვია, მსოფლიო პრესა ქათინაურებს არ იშურებს, Reuters-მა საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან გასვლას „ისტორიული ევრო შოკიც“ კი უწოდა. საქართველო-პორტუგალიის მატჩზეც უკვე ბევრი დაიწერა, მაგრამ არავინ იცის, როგორ დამთავრდებოდა თამაში, რომ არა გიორგი გველესიანის ჩაჭრა, რომელმაც კრიშტიანუ რონალდუს შეტევა შეაჩერა და, სავარაუდოდ, საკუთარი გუნდი გოლის გატანას გადაარჩინა.
როგორც სტატისტიკის მოყვარულები წერენ, ამ მატჩში გიორგი გველესიანმა 76 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში მის ანგარიშზეა:
3 – განმუხტული სიტუაცია
1 – ბლოკი
1 – ჩაჭრა
1/1 – მოგებული ორთაბრძოლა
27 – შეხება ბურთთან
16/21 (76%) – ზუსტი გადაცემები
1 – სუფთა ვარდნა
გულშემატკივრები კი წერენ:
გველესიანმა რონალდოს ფეხი არ გაანძრევინა!
გველესიანის მარჯვენას გაუმარჯოს!
ევროპის ნებისმიერ გუნდს დაამშვენებდა!
გოლს გადაგვარჩინა!
გულშემატკივარი მოხიბლულია – მოსწონს მისი მოზომილი, ტაქტიანი საუბრის მანერა, ზრდილობა და გარეგნობა. FB-ში ისიც კი დაწერეს, ისეთი დიდებული ქართული გარეგნობა აქვს, შოთა რუსთაველის პორტრეტი რომ არსებობდეს, გიორგი გველესიანის ასლი იქნებოდაო!
ვინ არის 33 წლის გიორგი გველესიანი
გიორგი ირანში თამაშობს, არის გუნდის კაპიტანი, რომელმაც ქვეყნის ჩემპიონატი მოიგო. მისთვის გასული სეზონი უაღრესად წარმატებული გამოდგა. ირანულ „პერსეპოლისთან“ ერთად მან ჩემპიონატში ოქრო, ასევე თასი და სუპერთასი მოიგო. დასახელდა ირანის ჩემპიონატის საუკეთესო მცველად, რაც მართლაც რომ დიდი მიღწევაა, სეზონის მიწურულს კი საქართველოს ნაკრებში გამოძახებაც დაიმსახურა.
„უაღრესად ბედნიერი ვარ, რომ 33 წლის ასაკში საქართველოს ნაკრებთან ერთად ყოფნის შესაძლებლობა მომეცა. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ველოდი ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას და, საბედნიეროდ, ეს სურვილი ამისრულდა. ცხადია, ამ ფაქტმა დამატებითი მოტივაცია შემძინა, რომ ვიყო მუდმივად კარგ ფორმაში, მეტი ვიმუშაო და მეტად დავხვეწო საკუთარი თამაში“, – ამბობს გიორგი.
გიორგი 7 წელია, რაც ირანში თამაშობს, ამ დროის განმავლობაში 4 გუნდი გამოიცვალა. მისი თქმით, მაინც უჭირს იმ მხრივ, რომ იქ მარტოა და ოჯახი თბილისში ჰყავს.
გიორგი გველესიანს 3 შვილი ჰყავს, მათ შორის 2 – პირველი ქორწინებიდან.
„ის ემოცია, რომელიც საკუთარი ქვეყნის მაისურით თამაშს, ქომაგების გამხნევებას, ჰიმნის მოსმენას მოაქვს, სხვა ემოციებთან დაუვიწყარი და შეუდარებელია. ამ მომენტს მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ველოდებოდი. იმ 7 წლის მანძილზე, რომელიც სხვა ქვეყანაში გავატარე, იქაური ხალხის დიდი სიყვარული და პატივისცემა მოვიპოვე, რომელიც ასევე ძალიან სასიამოვნოა, თუმცა როცა ამას საკუთარ ქვეყანაში საკუთრ ხალხთან აღწევ, ნამდვილად სხვა გრძნობაა“, – ამბობს საქართველოს ნაკრების მცველი. მოუსმინეთ გიორგი გველესიანის ინტერვიუს და კიდევ ბევრ ამბავს გაიგებთ მის შესახებ.
უდიდესი სურვილის მიუხედავად, ბუნებრივია, ძნელია სენსაციის პროგნოზირება, მაგრამ მერვედფინალში მართლაც სენსაცია გვჭირდება!
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთს შეხვდება. ესპანეთის ნაკრები ერთადერთია, რომელმაც ჯგუფში ყველა შეხვედრა მოიგო და მერვედფინალურ ეტაპზე მაქსიმალური შედეგით – 9 ქულით გავიდა. საქართველო-ესპანეთის შეხვედრა კიოლნში 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
მოამზადა მანანა ბანძელაძემ
ამავე თემაზე: პირველი და ისტორიული გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე – საქართველოს ნაკრები მერვედფინალშია! (ვიდეო)
პირველი და ისტორიული გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე – საქართველოს ნაკრები მერვედფინალშია! (ვიდეო)
კომენტარები