საზოგადოებასაქართველო

ტორნადო კახეთში – დაზიანდა ალავერდის ტაძრის გუმბათი, ჩამოვარდა ჯვარი (ვიდეო)

კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ ალავერდს ქარბორბალამ გადაუარა.

ადგილობრივების თქმით, ქარბორბალა ალავერდის ტაძრის მიმდებარედ რამდენიმე წუთს გაგრძელდა – ქარმა მოგლიჯა ხეები, სახლებს სახურავები გადახადა, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. ქარის შედეგად მსუბუქი ავტომობილიც კი ამოტრიალდა, დაზიანდა კიდევ რამდენიმე ავტომანქანა, რომელთაგან ერთ-ერთში ორი ადამიანი იმყოფებოდა. საბედნიეროდ, ისინი არ დაშავებულან, თუმცა სასწრაფო დახმარების ექიმებმა ერთი მათგანი, პროფილაქტიკის მიზნით, კლინიკაში მაინც გადაიყვანეს.

ტაძრის ეზოში წაიქცა ხეივანი, ქარიშხალმა ამოთხარა ზეთისხილის ხეები, დაზიანდა გუმბათი და ჩამოვარდა ჯვარი. ადგილობრივების ინფორმაციით, ქარიშხლის დროს ტაძარში ტურისტები და მომლოცველები არ იმყოფებოდნენ.

ალავერდის სამონასტრო კომპლექსის დაზიანების შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება გაავრცელა.

„სტიქიის შედეგად გადახდილია გუმბათის თუნუქის საფარი, ტაძრის სამხრეთ კალთაზე დაზიანებულია ლორფინის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარის და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქის სახურავი და საეპისკოპოსო სასახლის კრამიტის სახურავი, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.

ამჟამად მიმდინარეობს დაზიანებათა სიმძიმის განსაზღვრა და უახლოეს დღეებში ადგილობრივ ეპარქიასა და მის მმართველ აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან ერთად დაიგეგმება ტაძრის დაზიანებების აღმოსაფხვრელი ღონისძიებები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close