ათენი ევროპაში ყველაზე სურნელოვანი ქალაქი აღმოჩნდა
ათენი ევროპაში ყველაზე სურნელოვანი ქალაქი აღმოჩნდა, ბრიტანული კომპანია HAYPP-ის რეიტინგის თანახმად. საბერძნეთის დედაქალაქის სურნელებმა 10-ბალიანი სკალით შეფასებისას 8,3 ქულა მიიღო.
რეიტინგის შესადგენად ექსპერტებმა ევროპის 30 დიდი ქალაქი ისეთი პარამეტრების მიხედვით შეაფასეს, როგორიც არის ქუჩების სისუფთავე და საცხობების, ყვავილების მაღაზიებისა და პარფიუმერიის ბუტიკების რაოდენობა.
ათენში ყოველ 10 კვადრატულ კილომეტრზე 31 ყვავილების მაღაზია, 22 არომატული პარფიუმერიის ბუტიკი და 31 საცხობი აღმოჩნდა, სადაც აცხობენ ყველაფერს: ხრაშუნა ყველის ღვეზელიდან დაწყებული, უგემრიელესი ფახლავით დამთავრებული. ამასთან, საბერძნეთის დედაქალაქს 2022 წელს ეკოლოგიური ეფექტიანობის ინდექსში (EPI) 56,2 ქულა აქვს მინიჭებული, რაც ნიშნავს, რომ ქალაქის მთავრობა ქუჩების უფრო მეტი სისუფთავისა და გამწვანებისთვის აქტიურად მუშაობს.
რეიტინგში მეორე ადგილზე საფრანგეთის დედაქალაქი პარიზია 8,15 ქულით (10-ბალიანი სკალით), რომელსაც EPI-ს ინდექსში 62,5 ქულა აქვს მიღებული, თუმცა საფრანგეთის დედაქალაქში ნაკლები საცხობი, ყვავილების მაღაზია და პარფიუმერიის ბუტიკია, ვიდრე ათენში – პარიზში პარფიუმერული ბუტიკების და ყვავილების მაღაზიების რაოდენობა ყოველ 10 კვადრატულ კილომეტრზე 11,64-ია, საცხობების კი – 11,4.
მესამე ადგილი შვეიცარიის ყველაზე დიდმა ქალაქმა – ციურიხმა დაიკავა (8,1). ქალაქის ყოველ 10 კვადრატულ კილომეტრზე 12 საცხობი და 12 ყვავილების მაღაზიაა გახსნილი, თუმცა ციურიხში ნაკლებია პარფიუმერიის მაღაზია: მხოლოდ 9 ყოველ 10 კვ. კმ-ზე -ს შეადგენს. EPI ციურიხის სისუფთავეს 66 ქულით აფასებს.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე სურნელოვანი დიდი ქალაქების ტოპათეულიდან ყველაზე წინ დანიის დედაქალაქი კოპენჰაგენია 78 ქულით.
ევროპის ყველაზე სურნელოვანი ქალაქების ტოპ-10 ასე გამოიყურება:
- ათენი, საბერძნეთი
- პარიზი, საფრანგეთი
- ციურიხი, შვეიცარია
- დუბლინი, ირლანდია
- ლუქსემბურგი, ლუქსემბურგი
- ნიქოზია, კვიპროსი
- კოპენჰაგენი, დანია
- ბუქარესტი, რუმინეთი
- ვალეტა, მალტა
- ამსტერდამი, ნიდერლანდები
მანანა ბანძელაძე
კომენტარები