საბერძნეთში იახტიდან გაშვებული ფეიერვერკის შედეგად ტყეში ხანძრის გაჩენის საქმეზე 13 ადამიანი დააკავეს
საბერძნეთის კუნძულ ჰიდრაზე პარასკევს საღამოს ტყის ხანძრის გაჩენის საქმეზე 13 ადამიანი დააკავეს. კონფისკებულია გასაქირავებელი ტურისტული იახტა „პერსეფონაც“, საიდანაც კუნძულის ტყის მიმართულებით ფეიერვერკები გაუშვეს.
მეხანძრეებმა ცეცხლის კონტროლი შეძლეს. იახტაზე მყოფი ზოგიერთი ადამიანის უპასუხისმგებლობამ, რომლებმაც ფეიერვერკები კუნძულის ფიჭვნარისკენ გაუშვეს, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია.
საბერძნეთის სახანძრო სამსახურის ცნობით, 13-ვე დაკავებული საბერძნეთის მოქალაქეა. მათ სოლიდური ჯარიმები ემუქრებათ. საბერძნეთის კანონმდებლობით, მსგავსი ქმედებებისთვის ჯარიმა 10 000-იდან 200 000 ევრომდე მერყეობს, ასევე, კანონი ქონების კონფისკაციის უფლებასაც იძლევა.
გასულ კვირაში საბერძნეთში მეხანძრეები მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად რამდენიმე ხანძარს ებრძოდნენ.
„კათიმერინის“ ინფორმაციით, აქაიაში, მასტრანტონის რაიონში პარასკევს დღისით გაჩენილმა ხანძარმა 12 საათში, შუაღამემდე დაახლოებით 30 000 ჰექტარი ტყის მასივი შეიწირა. ამაზე მეტყველებს თანამგზავრიდან გადაღებული სურათების ანალიზი, რომელიც საბერძნეთის ეროვნული ობსერვატორიის METEO-ს განყოფილების ჰიდრომეტეოროლოგიურმა ჯგუფმა FLAME-მ წარმოადგინა.
მაღალი ტემპერატურის გამო ბოლო დღეების განმავლობაში, სულ ცოტა, ხუთი ტურისტი დაიღუპა ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში.
ხანძრის გაჩენისთვის ხელსაყრელ პირობებს მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ქმნის, ტემპერატურამ გასულ კვირას 40 გრადუსს მიაღწია, რის გამოც დღის საათებში ტურისტული ადგილები დაიხურა.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები