„მამარდა“ საუკეთესოა – 11 მოგერიება, რაც ბოლო 20 წელში ევროპირველობის რეკორდია (ვიდეო)
გიორგი მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – საუკეთესო თერთმეტეული პორტალმა Sofascore-მა დაასახელა. ამავე პორტალმა პირველ ტურში საუკეთესო თერთმეტეულში გიორგი მიქაუტაძე შეიყვანა.
„მამარდაშვილმა საოცრად ითამაშა და ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა“, – ასე გამოეხმაურა პორტალი ქართველი მეკარის თამაშს ჩეხეთის წინააღმდეგ.
Sofascore-ის მიხედვით, გიორგი მამარდაშვილმა 10-ბალიანი სისტემით 9.8 ქულა მიიღო, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ყველა ფეხბურთელს შორის.
Opta-ს მიხედვით, „მამარდამ“ ჩეხეთთან მატჩში 11 მოგერიება შეასრულა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ევროპირველობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე მეტი მოგერიება 2004 წელს, ლატვიის ნაკრების მეკარემ ალექსანდერ კოლინკომ ნიდერლანდებთან დაპირისპირებაში შეასრულა, ლატვიელის ანგარიშზე მაშინ მაშინ „12“ სეივი იყო.
გიორგი მამარდაშვილის თამაში ევრო 2024-ის მეორე ტურში ჩეხეთის ნაკრებთან (1:1) უეფამაც გამოარჩია და იგი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.
„მამარდა“ უკვე ქართველი გულშემატკივრების „მუზაც“ გახდა – სოციალური ქსელის მომხმარებელმა, ჟურნალისტმა ნინო კვაჭანტირაძემ მას ნოდარ დუმბაძისა და ვაჟა-ფშაველას მოტივებზე „გამომცხვარი“ ლექსი მიუძღვნა:
ვეფხვივით ბიჭი გაზრდილხარ, ამ ქვეყნის გასახარადა,
გიორგი გქვია სახელად
მამარდაშვილი გვარადა!
ნახეთ მატჩის საუკეთესო მომენტები:
კომენტარები