ევრო 2024: პირველ მატჩში გერმანელებმა 6 გოლი გაიტანეს, თუმცა შეხვედრა 5:1 დასრულდა
14 ივნისს გაიხსნა ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში, რომელსაც გერმანია მასპინძლობს. პირველ შეხვედრაში, რომელიც მიუნხენის „ალიანც-არენაზე“ გაიმართა, გერმანიის ეროვნული ნაკრები შოტლანდიას დაუპირისპირდა და რეკორდული ანგარიშით – 5:1 მოიგო, თუმცა 6-ვე გოლი გერმანელებმა გაიტანეს.
პირველი გოლი შეხვედრაში (შესაბამისად, ევრო-2024-ზეც) მე-10 წუთზე გავიდა – იოზუა კიმიხის გადაცემის შემდეგ მეტოქის კარი „ლევერკუზენის“ შემტევმა ნახევარმცველმა ფლორიან ვირცმა აიღო და გერმანიის ნაკრები დააწინაურა.
მეორე ბურთიც მალე გავიდა ისევ შოტლანდიელთა კარში – მე-19 წუთზე ჯამალ მუსიალამ გამოიჩინა თავი და გერმანელთა უპირატესობა ორამდე გაიზარდა. ბარემ აქვე ვიტყვით, რომ მუსიალა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, რის შესახებაც ინფორმაცია შეხვედრის დასრულების შემდეგ უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
პირველი ტაიმის მიწურულს, 44-ე წუთზე შოტლანდიის ნაკრებისა და „უოტფორდის“ ცენტრალურმა მცველმა რაიან პორტეუსმა საკუთარ საჯარიმოში ილქაი გიუნდოგანი წააქცია და ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ შეხვედრის ფრანგმა არბიტრმა კლემან ტურპენმა შოტლანდიელი ფეხბურთელი მოედნიდან გააძევა. პენალტიც დაინიშნა.
დამატებით ერთ წუთში ლონდონის „არსენალის“ ფეხბურთელმა კაი ჰავერცმა დარტყმა უშეცდომოდ შეასრულა და შეხვედრის პირველი ნახევარი 3:0 დასრულდა.
მეორე ტაიმში შოტლანდიელებს 10 კაცი დარჩათ მოედანზე და თითქმის მთლიანად დაცვაზე გადაერთნენ, თუმცა გოლი მაინც გავიდა – 68-ე წუზე მოედანზე კაი ჰავერცის ნაცვლად შესულმა „დორტმუნდის“ თავდამსხმელმა ნიკლას ფიულკრუგმა გერმანიის ეროვნული ნაკრების უპირატესობა ოთხამდე გაზარდა.
გერმანელებმა მეორე ტაიმის ბოლოსკენ კიდევ ერთი გოლი გაიტანეს, ოღონდ ეს ბურთი შოტლანდიელთა ანგარიშზე ჩაიწერა – 87-ე წუთზე საკუთარ საჯარიმოში მყოფმა გერმანიის ნაკრების მცველმა ანტონიო რიუდიგერმა, მეტოქის ერთ-ერთი იშვიათი შეტევის დროს, მოგერიების ნაცვლად თავური დარტყმით ბურთი თავისი გუნდის კარში გაუშვა. მეკარეს, ფაქტობრივად, შანსი არ ჰქონდა, რომ ეს ბურთი აეღო. ანგარიში 4:1 გახდა, თუმცა ეს ბოლო გოლი არ ყოფილა – გერმანელებმა დამატებულ 3 წუთში კიდევ ერთხელ აიღეს შოტლანდიის ნაკრების კარი. „დორტმუნდის“ ნახევარმცველმა ემრე ჯანმა შორი მანძილიდან მარჯვენა დაბალ კუთხეში ისე დაარტყა, რომ მოწინააღმდეგის გოლკიპერს შანსი არ დაუტოვა – მეკარე ბურთის მიმართულებით გადახტა, მაგრამ მისი აღება ვერ შეძლო და საბოლოოდ გერმანიის ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა – მან ევროპის ჩემპიონატში პირველად გაიტანა 5 გოლი ერთ შეხვედრაში. ევროპის ჩემპიონატებზე პირველ, ასე ვთქვათ, „გამხსნელ“ მატჩში ასეთი რეკორდული ანგარიში აქამდე არასდროს დაფიქსირებულა..
პირველი ტურის შემდეგ გერმანიის ნაკრებს 3 ქულა აქვს. A ჯგუფის მეორე შეხვედრაში უნგრეთის ეროვნული გუნდი 15 ივნისს, თბილისის დროით 17:00 სთ-ზე შვეიცარიას დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 18 ივნისს, 20:00 სთ-ზე გამართავს თურქეთის ეროვნულ გუნდთან.
შეგახსენებთ, რომ ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე მოქმედი ჩემპიონის სტატუსით გამოდის იტალია, რომელმაც ევრო 2020-ის ფინალში ინგლისის ეროვნულ ნაკრებს სძლია (1:1; 3:2 – პენალტები).
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები