საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიოს 70-ზე მეტ ქალაქში აღინიშნება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი მსოფლიოს 70-ზე მეტ ქალაქში მაისი-ივნისის პერიოდში სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად, საქართველოს დროშის ფერებში განათდება მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა.
აღსანიშნავია, რომ 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ქ. ვაშინგტონში, ფრედერიკ დუგლასის სახელობის ხიდი საქართველოს დროშის ფერებით განათდება. ამასთან, ვაშინგტონის მერია და მერი გამოსცემენ პროკლამაციას საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.
ასევე, ქ. ნიუ-იორკში, „თაიმ სქვერზე“ არსებულ ეკრანზე გამოსახული იქნება საქართველოს დროშა და დამოუკიდებლობის დღის აღმნიშვნელი ლოგო. ქ. სან-ფრანცისკოში კი მერიის შენობაზე აღიმართება ქართული დროშა.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქ. სტრასბურგში ევროპის საბჭოს შენობა განათდება საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში.
საფრანგეთში იგეგმება პარიზის მე-17 ოლქის განათება ქართული დროშის ფერებით, ხოლო ესპანეთში, ქ, მადრიდში – სიბელესის მოედნის განათება, ასევე, დაგეგმილია სევილიისა და ბილბაოს ცენტრალური მოედნების განათება.
საბერძნეთში საქართველოს დროშის ფერებში განათდება ათენის ცენტრალური შადრევანი, ქ. თესალონიკში კი – ცნობილი ქოლგების მონუმენტი.
26 მაისის აღსანიშნავად ირლანდიის დედაქალაქის ცენტრში აღიმართება საქართველოს დროშები და დუბლინის ღირსშესანიშნაობა Samuel Beckett-ის ხიდი განათდება საქართველოს დროშის ფერებით.
ასევე, ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ლიეტუვაში ვილნიუსის, კაუნასის და კლაიპედის ღირსშესანიშნაობები.
ესტონეთში, საქართველოს საელჩოს შენობა განათდება საქართველოს დროშის გამოსახულებით.
სლოვაკეთში დაგეგმილია საელჩოს ისტორიული შენობის ფასადის განათება საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში, ასევე ქ. კოშიცეს ისტორიული შენობის განათება, ხორვატიაში კი განათდება ქ. ზაგრების ცენტრალური შადრევანი.
26 მაისის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში ჩრდ. მაკედონიის დედაქალაქის სკოპიეს ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილია საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ამსახველი ვიდეორგოლის ჩვენება.
კვიპროსში კი, ქ. ნიქოზიის ცენტრალური მოედანი (Eleftheria square) განათდება საქართველოს დროშის ფერებში.
აღსანიშნავია, რომ კანადაში, უკვე მეოთხედ, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ნიაგარის ჩანჩქერი განათდება საქართველოს დროშის ფერებით. ამასთან, ქ. ოტავის მერიის წინ გაიმართება საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია.
ასევე, მექსიკაში დაგეგმილია ქ. მეხიკოს მთავარი ღირსშესანიშნაობების განათება საქართველოს დროშის ფერებით.
26 მაისის აღსანიშნავად არგენტინაში, ქ. ბუენოს-აირესში მდებარე ხიდი „პუენტე დე ლა მუხერი“, პლანეტარიუმი და კულტურული ცენტრი „უსინა დელ არტე“ განათდება საქართველოს დროშის ფერებში.
ავსტრალიაში საქართველოს დროშის გამოსახულება გამოჩნდება სახელმწიფო ხაზინის შენობაზე.
26 მაისის აღსანიშნავად ეგვიპტეში, ქ. ასუანში მსოფლიოს ღირსშესანიშნაობა, ძვ.წ. მე-7-6 საუკუნეების ფილეს ტაძრის კომპლექსი განათდება საქართველოს დროშის გამოსახულებით.
ინდონეზიაში ქ. ჯაკარტის ღირსშესანიშნაობის განათდება საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში; კორეის რესპუბლიკაში კი ქ. სეულის მერია განათდება ქართული დროშის ფერებით.
თურქეთში, ქ. ანკარაში საქართველოს დროშის ფერებით განათდება „ტყუპებად“ წოდებული თურქეთის პალატებისა და ბირჟების გაერთიანების შენობა, ქ. სტამბოლში – „ქალწულის კოშკი“.
აზერბაიჯანში, ქ. ბაქოში კი განათდება ჰეიდარ ალიევის ცენტრი.
სომხეთში საქართველოს დროშა გამოჩნდება დედაქალაქში არსებულ ბილბორდებზე.
აღსანიშნავია, რომ ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების ორგანიზებით, დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების გამართვაც.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბელგიაში, ტრადიციულად, ბრიუსელის სიმბოლოს, ცნობილი ქანდაკების – Manneken-Pis-ის ქართული ჩოხით შემოსვის ცერემონია გაიმართება.
ასევე, ნიდერლანდებში, ქ. ჰააგის სამრეკლოდან გაჟღერდება ქართული მელოდიები.
26 მაისის აღსანიშნავად ლევილის ქართველთა მამულში გაიმართება ქართული კულტურისა და ხელოვნებისადმი მიძღვნილი ფესტივალი.
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ესპანეთში დაგეგმილია ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლის პერფომანსი ალკალის თაღის ქვეშ. ასევე, მოეწყობა ქართული ფოლკლორული კონცერტი ბილბაოში საპატრიარქოს გუნდისა და ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლის მონაწილეობით. ესპანეთში, ქ. ბარსელონაში კი გაიმართება გამოფენა – Sspectacular Georgia.
იტალიაში, ქ. მილანში მოეწყობა ფოტოგამოფენა „ქართული თეატრალური მხატვრობის ევროპული გზა“, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იქნება ელენე ახვლედიანის, კირილე ზდანევიჩის, პეტრე ოცხელის, სერგო ქობულაძის ნამუშევრები, ქ. ბარიში კი გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება და კონცერტი ქართული ანსამბლის, „თეატრალური კვარტეტის“ შესრულებით.
26 მაისთან დაკავშირებით, ვატიკანში გაიმართება გია ყანჩელისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ იტალიელი მუსიკოსები.
შვედეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება ნუცა ბუზალაძისა და საბინა ჭანტურიას მონაწილეობით, ასევე, შვედური ანსამბლი „რილტონის მეგობრები“ შეასრულებს ქართულ სიმღერებს.
შვეიცარიაში ქართული კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართება სამ სხვადასხვა რეგიონში, ნიდერლანდებში კი გაიმართება ანსამბლ „საქართველოს“ კონცერტი.
ბულგარეთში, 26 მაისის აღსანიშნავად, სოფიის უნივერსიტეტში საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიხსნება, ამასთან, ქ. პლოვდივის ძველი ქალაქის სამუზეუმო კომპლექსის ერთ-ერთ ღია სივრცეში საქართველოს ეროვნული პარკების ამსახველი გამოფენა მოეწყობა. ასევე, იგეგმება „ვეფხისტყაოსნის“ ბულგარულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია.
მოლდოვაში გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ანსამბლ „აფხაზეთის“ მონაწილეობით.
26 მაისთან დაკავშირებით ლატვიაში ქართული ფილმის, „მონანიების“ ჩვენება გაიმართება.
უნგრეთში, ქ. კესტჰეიში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება – აჭარის კულტურის დღე გაიმართება.
იაპონიაში, ტოკიოს ერთ-ერთ ცენტრალურ პარკში გაიმართება ქართული ფესტივალი, ასევე, ქ. კაგოშიმაში დაგეგმილია პირველი საპატიო საკონსულოს გახსნის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიების გამართვაც.
სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში ადგილობრივ მაუწყებლობაში დაგეგმილია ქართული სიმღერების გაჟღერება, ამასთან, დამოუკიდებლობის აღსანიშნავი ღონისძიების ფარგლებში Seoul Friendship Festival-ში, საელჩოებისთვის გამოყოფილ ზონაში ქართული კუთხე მოეწყობა, ასევე დაგეგმილია ლექციის გამართვა საქართველოს შესახებ.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ბრაზილიაში გაიმართება „თეატრალური კვარტეტის“ კონცერტი.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თურქმენეთში მოეწყობა საქართველოს შესახებ ფოტოგამოფენა.
ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებები ასევე მოეწყობა ავსტრიაში, ლუქსემბურგში, გერმანიაში (ბერლინსა და მაინის ფრანკფურტში), დანიაში, ნორვეგიაში, ისლანდიაში, ქ. ჟენევაში, პოლონეთში, რუმინეთში, საბერძნეთში, სერბეთში, ქ. სტამბოლში, ინდოეთში, სამხრეთ აფრიკაში, საუდის არაბეთში, ქუვეითში, ყაზახეთში, ჩინეთში, კუბაში, ქ. ნიუ იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
კომენტარები