აბუ-დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს მსოფლიოსა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ზედიზედ მესამედ მოიპოვა პლანეტის უძლიერესი ძიუდოისტის წოდება. ქართველმა მოჭიდავემ ტურნირის ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუსი სპორტსმენი ტიმურ არბუზოვი ვაზარით დაამარცხა.
ტატო გრიგალაშვილი ისტორიაში პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელიც სამჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი (2022 – ტაშკენტი, 2023 – დოჰა, 2024 – აბუ-დაბი).
სულ კი ტატოს მსოფლიო ჩემპიონატის 4 მედალი აქვს მოგებული, 3 ოქროსი და ერთი ვერცხლის (2021- ბუდაპეშტი). ტატოს ასეთივე შედეგი აქვს ევროპის ჩემპიონატებზე – იგი 3-გზის ევროპის ჩემპიონია (2020 – პრაღა, 2022 – სოფია და 2024 – ზაგრები) და ერთხელ ვერცხლის მედალს დაეუფლა (2023 – მონპელიე).
აბუ-დაბიში მიმდინარე მსოფლიო პირველობის მესამე დღეს ჩვენი ნაკრების ანგარიშზე უკვე სამი მედალია – 60 კგ-ში მოასპარეზე 20 წლის გიორგი სარდალაშვილი პირველ დღეს გახდა მსოფლიო ჩემპიონი თავის კარიერაში პირველად, გუშინ კი 66 კგ-ში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
შარშან, 2023 წელს დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაურმა (90 კგ) ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) კი ბრინჯაოს პრიზს დაეუფლა.
ნახეთ ტატოს ფინალური შეხვედრა ტიმურ არბუზოვთან.
კომენტარები