რატომ ჩაიტანეს ბრიტანეთის მუზეუმში დაცული ქართული უნიკალური ჯვარი კრაკოვის მუზეუმში და ვის ეკუთვნოდა ის
პოლონეთის ქალაქ კრაკოვის მუზეუმში ქართული კულტურის და ხელოვნების უნიკალური ნიმუშებია წარმოდგენილი. „გზა პალეოლითის ეპოქიდან დღემდე“ – ამ სახელწოდებით კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში გახსნილ მასშტაბურ გამოფენაზე დამთვალიერებელი ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველა მნიშვნელოვან ეტაპს გაეცნობა.
მუზეუმში მისული მნახველი იხილავს უძველეს ჭურჭელს, იარაღს, სამკაულებს, ფერწერულ ტილოებს და ქართული კულტურისა და ხელოვნების არაერთ უნიკალურ ექსპონატს. გამოფენის მთავარი მიზანია, დამთვალიერებელს კიდევ ერთხელ აჩვენოს, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილია.
პოლონეთში 14 მუზეუმის კოლექციები ჩაიტანეს. მათ შორისაა საიუველირო ხელოვნების უიშვიათესი განძი, უნიკალური გულსაკიდი ოქროს ჯვარი, რომელიც ბრიტანელი დიპლომატისთვის – ოლივერ უორდროპისთვის საქართველოში უჩუქებიათ და რომელიც დიპლომატის ქალიშვილმა – ნინო უორდროპმა 1983 წელს ბრიტანეთის მუზეუმს გადასცა საჩუქრად.
უნიკალური ჯვრის ისტორიის ეს ნაწილი ცნობილია, ისიც ცნობილია, რომ ის თამარ მეფის გულსაკიდი ჯვრის ანალოგია – ამის შესახებ nostal.ge წერდა, მაგრამ ფართოდ არ იყო ცნობილი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის ეკუთვნოდა ეს განძი.
ამ დღეებში კრაკოვის გამოფენაზე დიდი ბრიტანეთიდან ჩატანილმა უძვირფასესმა ჯვარმა ყველა განაცვიფრა და სოცქსელში ბევრი კითხულობდა მის წარმომავლობას.
უნიკალური ჯვრის შესახებ ფეისბუქმომხმარებელი Nodar Papuashvili საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
„80-იან წლებში ცხონებული გურამ შარაძე დაინტერესდა ამ ჯვრით. მაშინდელი მთავრობის დახმარებით ინგლისში ჩავიდა ქართული ხელნაწერებისა და ნივთების გასაცნობად.
მოკლედ, 1920 წლის 14 იანვარს, ნინოობას, ქართველ ქალთა ჯგუფს (ელისაბედ ორბელიანის თაოსნობით) შეგროვებული დიდი ფულით კერძო პირისაგან გამოსყიდული გიორგი მეთორმეტის გულსაკიდი ოქროს ჯვარი საჩუქრად მიურთმევია ოლივერ უორდროპისათვის (მცირეწლოვანი ასულის, ნინოსათვის გადასაცემად).
სინამდვილეში, ეს ჯვარი გახლავთ ვახტანგ მეხუთის ძის, გიორგი მეთერთმეტისა (1651-1709), რომელიც ქართლის ტახტზე ორჯერ ავიდა და უკვე გიორგი მეთორმეტედ იწოდებოდა (როგორც ვიცით, ერეკლე მეორის ძეს, გიორგი მეთორმეტეს კი გიორგი მეცამეტეს უწოდებდნენ). თვით ნინო უორდროპი ამტკიცებდა ამას, როგორც გურამ შარაძე წერს – ჯვარი ეკუთვნოდა მეჩვიდმეტე საუკუნის ქართლის სამეფო ოჯახსო.
გიორგი XI, უებრო მეომარი და სპარსელთა დაუძინებელი მტერი, 1704 წელს შაჰ-ჰუსეინმა თავისი ჯარების მთავარსარდლად დანიშნა. იგი მოჩვენებით იყო მუსულმანი. თურმე შაჰთან აბეზღებდნენ კიდეც – გულზე ჯვარი ჰკიდია და ღამით ქრისტიანულად ლოცულობსო.
გურამ შარაძეს მოჰყავს ვახუშტის ცნობაც. 1709 წ. ყანდაარში ღალატით მოკლულ მეფე გიორგი მეთერთმეტეს მირვეისმა ყელიდან აჰყარა ჯვარი და შაჰ-ჰუსეინს გამოუგზავნა შემდეგი სიტყვებით: „ესრეთ გაცდუნებდა მეფე“… და, ნეტა, ის ჯვარი ხომ არ არისო…
ჯვარი ბაჯაღლო ოქროსია, შემკულია ლალის, ალმასის, ზურმუხტის თვლებითა და მარგალიტებით, ფირუზისფერი მინანქრით. ყელსაბამი შეიცავს 26 ოქროს ფურცლოვან ბუდეს, რაშიც ლალია ჩასმული. ფურცლები მწვანე მინანქრითაა შესრულებული. თვით ჯვარი ყელსაბამთან ოქროს ფრინველითაა მიმაგრებული“.
ამ ჯვრის ორიგინალი, მეფეთა მეფე თამარის სანაწილე გულსაკიდი ჯვარი, საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება.
რა გზა გაიარა თამარ მეფის გულსაკიდმა ჯვარმა ხობის მონასტრიდან ხელოვნების მუზეუმამდე, წაიკითხეთ აქ:
კომენტარები