newsამინდისაბერძნეთი

„ნარინჯისფერი“ ათენი – თითქმის მთელი საბერძნეთი „წითელმა მინერვამ“ დაფარა

ორშაბათიდან თითქმის მთელი საბერძნეთი ნარინჯისფერმა მტვერმა დაფარა, განსაკუთრებით კი ატიკასა და სამხრეთ პელოპონესის რაიონებში შექმნა შემაძრწუნებელი სურათები, სადაც საღამოს ცა ნარინჯისფრად გააფერადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს

meteo.gr-მა გამოაქვეყნა აფრიკული მტვრის სატელიტური სურათი საბერძნეთის თავზე და აღნიშნა, რომ ეს იყო „აფრიკული მტვრის ინტენსიური ტალღა “Minerva red”, რომელმაც  მთელ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაზე მოახდინა გავლენა.

აფრიკული მტვრის გარდა meteo.gr-მა 23 აპრილს ძალიან მაღალი ტემპერატურაც დააფიქსირა სამხრეთ საბერძნეთის რაიონებში და, ძირითადად, კრეტაზე, სადაც ფალასარნაში, ხანიაში ჰაერის ტემპერატურის მაჩვენებელმა ყველაზე მაღალ ნიშნულს, +36,6°C-ს მიაღწია.

ამჟამინდელი მტვრით დაფარვის ეპიზოდი ათენის ეროვნული ობსერვატორიის დირექტორმა კოსტას ლაგუვარდოსმა დაახასიათა, როგორც „ძალიან ძლიერი“, რომელიც თითქმის მთელ ქვეყანას შეეხო, განსაკუთრებით კი – კრეტას და დანარჩენ სამხრეთ რაიონებს. ინტენსივობის გამო meteo.gr-ის სპეციალისტებმა ამ მოვლენას „წითელი მინერვა“ უწოდეს.

მტვრის გამო გაუარესდა ჰაერის ხარისხი. ხელისუფლებამ მოუწოდა რესპირატორული დაავადებების მქონე მოქალაქეებს, შინიდან გამოსვლას მოერიდონ და პირბადე ატარონ, ვიდრე ღრუბელი არ გაიფანტება. საბერძნეთის ცის „გაწმენდას“ ოთხშაბათს ელოდებოდნენ.

„წითელი მინერვა“ ორ ფაზად გამოჩნდა – თავიდან პიკს ორშაბათს მიაღწია, მერე უცბად შემცირდა და სამშაბათს დღისით და საღამოთი უფრო მაღალი ინტენსივობით დაბრუნდა სამხრეთის ქარების მიუხედავად.

უდაბნოს მტვრის ანალოგიურმა ღრუბელმა ათენი მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისშიც დაფარა. ის ასევე დაფიქსირდა შვეიცარიასა და სამხრეთ საფრანგეთში.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close