პოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

სად რამდენი საქართველოს მოქალაქეა რეგისტრირებული და როგორია რეგისტრაციის პროცედურა?

წლების განმავლობაში საქართველოდან მაღალი მიგრაციული ტენდენციების ფონზე, საინტერესოა, ჩვენი ქვეყნის რამდენი მოქალაქეა რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. მონაცემებს ამის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აქვეყნებს სადეპუტატო შეკითხვის პასუხად.

2024 წლის 2 აპრილის მდგომარეობით, საზღვარგარეთ რეგისტრირებულია საქართველოს 27 291 მოქალაქე.

სააგენტოს ეს მონაცემი მოიცავს როგორც სრულწლოვან, ისე არასრულწლოვან მოქალაქეებს.

საზღვარგარეთ რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა საერთო რიცხვიდან 23 281 სრულწლოვანია, ხოლო 4010 – არასრულწლოვანი. ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე რეგისტრირებულია შემდეგ ქვეყნებში:

რუსეთი – 7569
საბერძნეთი – 4048
უკრაინა – 2652
გერმანია – 1917
ესპანეთი – 1475

ასევე, საქართველოს ათასზე მეტი მოქალაქე რეგისტრირებულია აშშ-ში (1407), საფრანგეთში (1118) და ისრაელში (1070). ბელგიასა და თურქეთში რეგისტრირებულია საქართველოს 500-ზე მეტი მოქალაქე, ავსტრიაში, აზერბაიჯანში, სომხეთში, დიდ ბრიტანეთში, ყაზახეთში, იტალიაში, კვიპროსში, პოლონეთსა და შვედეთში, თითოეულში -100-ზე მეტი.

შედარებისთვის: შარშანდელი სექტემბრის მონაცემებით, საზღვარგარეთ საქართველოს 25 799 მოქალაქე იყო რეგისტრირებული.

გასულ წელთან შედარებით ქვეყნების რიგითობა, სადაც საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქეა რეგისტრირებული, პრაქტიკულად, უცვლელია – მხოლოდ საფრანგეთმა ერთი პოზიციით  აიწია და ისრაელს გაუსწრო.

ოფიციალური მონაცემებით, 2023 წელსაც რუსეთი ლიდერობდა. საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე რეგისტრირებული იყო რუსეთში. მას მოსდევდა საბერძნეთი, შემდეგ – უკრაინა, გერმანია, ესპანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი.

საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაციის საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმართება.

საქართველოს კანონმდებლობით, კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად საკონსულოში რეგისტრაცია სავალდებულოა. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე, ისე მასპინძელ ქვეყანაში საქართველოს საელჩოში ან საკონსულოში.
ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მისვლა, შესაძლებელია განაცხადის ფოსტით გაგზავნა. პროცედურა უფასოა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close