ისტორიაიტალიაკულტურა

პომპეიში ტროას ომის სურათებით შემკული დარბაზი აღმოაჩინეს (ფოტო, ვიდეო)

განსაცვიფრებელი ხელოვნების ნიმუშები აღმოაჩინეს ახალი გათხრების შედეგად პომპეიში, ძველ რომაულ ქალაქში, რომელიც ახ. წ. 79 წელს ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად დაიმარხა. ამის შესახებ მედია იუწყება იტალიის კულტურის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

არქეოლოგების თქმით, ეს ფრესკები ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის, რომლებიც ამ ქალაქის გათხრების დროს აღმოუჩენიათ. დარბაზის თითქმის მთლიანად მოზაიკის იატაკი მილიონზე მეტი ცალკეული თეთრი ფილისგან შედგება, ხოლო კედლები შავადაა შეღებილი.

15 მეტრის სიგრძისა და 6 მეტრის სიგანის დარბაზში ორი ფრესკა დომინირებს. ერთ-ერთ მათგანზე გამოსახულია, როგორ ცდილობს ღმერთი აპოლონი ქურუმი ქალის – კასანდრას ცდუნებას. ლეგენდის თანახმად, ტროელ პრინცესას, პრიამოსის ქალიშვილს აპოლონმა წინასწარმეტყველების უნარი უბოძა, თუმცა როდესაც კასანდრამ მისი სიყვარული უარყო, აპოლონმა იგი დასაჯა იმით, რომ მისი წინასწარმეტყველებისა არავის სჯეროდა.

ამის ტრაგიკული შედეგი კი ნაჩვენებია მეორე ფრესკაზე, რომელზეც გამოსახულია უფლისწული პარისი, რომელიც მშვენიერ ელენეს ხვდება (იხ. ფოტო სტატიის დასაწყისში). ეს კავშირი, როგორც კასანდრამ იწინასწარმეტყველა, ტროას ომს გამოიწვევს.

ლედა და ზევსი, რომელსაც გედის სახე აქვს მიღებული. ამ კავშირისგან იშვა ვენერა. ფოტო: იტალიის კულტურის სამინისტრო

„პომპეი ნამდვილი საგანძურია, რომელიც ჩვენს გაოცებას და აღფრთოვანებას არ წყვეტს, რადგან ყოველ ჯერზე, როცა ვთხრით, რაღაც მშვენიერს და მნიშვნელოვანს ვპოულობთ. ჩვენ გვჯერა ამ გლობალური განუმეორებელი  ძეგლისა, რომელსაც პომპეი წარმოადგენს და ამიტომაც ბიუჯეტის კანონში ახალი გათხრებისთვის საჭირო ფინანსები გავითვალისწინეთ.

წინ უნდა წავიწიოთ ამ მნიშვნელოვანი ადგილის დაცვაში, თუმცა ასევე მისი ფასეულობის ამაღლებაში“, – ასეთი კომენტარი გააკეთა დარბაზის აღმოჩენასთან დაკავშირებით კულტურის მინისტრმა ჯენარო სანჯულიანომ.

ნინო ხოშტარია

ამავე თემაზე: პომპეიში 2 ათასი წლის წინანდელი უნიკალური ფრესკა აღადგინეს

პომპეის მაცხოვრებლები ვულკანის ამოფრქვევიდან 15 წუთში დაიღუპნენ – ახალი კვლევა

ნეაპოლის ქვეშ ევროპაში ყველაზე დიდი ვულკანი იღვიძებს – რამდენად საშიშია?

ნეაპოლის ქვეშ ევროპაში ყველაზე დიდი ვულკანი იღვიძებს – რამდენად საშიშია?

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close