ვიაგრას მოხმარება შეიძლება ალცჰაიმერის შემცირებულ რისკთან იყოს დაკავშირებული – კვლევა
სამეცნიერო ჟურნალ Neurology-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ერექციული დისფუნქციის სამკურნალო მედიკამენტის, ვიაგრას, და სხვა მსგავსი წამლების მოხმარება შესაძლოა ალცჰაიმერის დაავადების შემცირებულ რისკთან იყოს დაკავშირებული.
მეცნიერებმა კოჰორტული კვლევის ფარგლებში ერექციული დისფუნქციით დაავადებული 260 000-ზე მეტი მამაკაცის სამედიცინო ჩანაწერები გააანალიზეს, რომლებსაც დიაგნოზი ახალი დასმული ჰქონდათ და კვლევის დასაწყისში კოგნიტური ან მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები არ აწუხებდათ.
ცდისპირებს მკვლევრები საშუალოდ 5 წლის განმავლობაში დააკვირდნენ. მათგან დაახლოებით ნახევარს ფოსფოდიესთერაზა-5-ის (ფდე-5) ინჰიბიტორები, მათ შორის სილდენაფილი (ვიაგრა), ჰქონდათ დანიშნული. როგორც გაირკვა, ასეთ მამაკაცებს სხვა ცდისპირებთან შედარებით ალცჰაიმერის დაავადების განვითარების 18%-ით ნაკლები რისკი ჰქონდათ.
შედეგი უფრო ძლიერი იყო იმ ცდისპირებისთვის, რომლებიც მეტ ფდე-5-ის ინჰიბიტორს იღებდნენ. მათთვის, ვისაც 21-50 რეცეპტი ჰქონდათ გამოწერილი, ალცჰაიმერით დაავადების განვითარების 44%-ით იყო შემცირებული.
კვლევის შედეგების ახსნა სხვაგვარადაც შეიძლება. შესაძლებელია, რომ ის მამაკაცები, რომლებსაც ალცჰაიმერის დაავადების ჩამოყალიბების უფრო დაბალი რისკი აქვთ, ვიაგრასა და მსგავს მედიკამენტებს უფრო დიდი ალბათობით იღებენ.
გარდა ამისა, რადგან სამედიცინო ჩანაწერებში ინფორმაცია ზუსტად არაა აღრიცხული, მკვლევრებმა ცდისპირების განსხვავებული ფიზიკური და სექსუალური აქტიურობის დონე ვერ გაითვალისწინეს. შესაძლოა, რომ ყველაზე ფიზიკურად და სექსუალურად აქტიური მამაკაცები, რომლებსაც ალცჰაიმერის დაავადების ჩამოყალიბების დაბალი რისკი აქვთ, ვიაგრასა და სხვა ფდე-5-ის ინჰიბიტორებს უფრო მეტად იყენებდნენ.
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) მკვლევრისა და კვლევის მთავარი ავტორის, რუთ ბაუერის, თქმით, „ხალხის ფართო ჯგუფზე ცდის ჩატარება ძალიან ღირებული იქნებოდა“.
„ვერ ვიტყვით, რომ მედიკამენტები არის პასუხისმგებელი, მაგრამ ეს გვაძლევს საფიქრალ მასალას იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ მომავალში. ახლა გვჭირდება სათანადო კლინიკური ცდის ჩატარება, რათა შევხედოთ ამ მედიკამენტების შედეგს ალცჰაიმერზე როგორც მამაკაცებში, ისევე ქალებში“. – თქვა ბაუერმა.
ოქსფორდის უნივერსიტეტის უფროსმა კლინიკურმა მკვლევარმა, ივან კოიჩევმა, კვლევა დადებითად შეაფასა და მის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ეს არის მნიშვნელოვანი განვითარება, რადგან არსებული მედიკამენტების მიზნობრიობის შეცვლა დემენციის პრევენციისთვის იმედისმომცემი სტრატეგიაა პირველ რიგში დემენციის განვითარების შესაჩერებლად“. – თქვა კოიჩევმა.
აშშ-ს ეროვნული ინსტიტუტის უფროსი მკვლევრის, მადჰავ თამბისეტის, შეფასება ნაკლებად დადებითია. მისი თქმით, ყოველთვის არსებობს რისკი, რომ გაუთვალისწინებელი ფაქტორები, მაგალითად ადამიანთა ძილის ხარისხი, დიაბეტის კონტროლის ხარისხი და ა.შ., კვლევაში ყალბ შედეგებს იძლევა.
თამბისეტის თქმით, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვიაგრა მხოლოდ ერექციული დისფუნქციის შემთხვევაში გამოიყენება. მან დაამატა, რომ საეჭვოა, რამდენად შეიძლება ასეთი წამლის გამოყენება ქრონიკული, პროგრესიული ნეიროდეგენერაციული დაავადების აღმოსაფხვრელად.
„მართალია, ვიცით, რომ სიდენაფილი სისხლიდან ტვინში აღწევს, მაგრამ შესაძლებელია კი, რომ მისი რაოდენობა ტვინში საკმარისად მაღალ დონეზე შენარჩუნდეს დროის უწყვეტ მონაკვეთში, რაც შესაძლოა საჭირო გახდეს ალცჰაიმერის დაავადების ტრაექტორიის შესაცვლელად?“ – თქვა თამბისეტიმ.
tabula.ge
კომენტარები