მედიცინამსოფლიო

საფრანგეთში ამოქმედდება კანონი სახელწოდებით „დახმარება სიკვდილში“

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დააანონსა ახალი კანონის ამოქმედება, რომლის სახელწოდებაა „დახმარება სიკვდილში“. კანონი უკურნებელი სენით დაავადებულ პაციენტებს შესაძლებლობას მისცემს, მიიღონ ლეტალური მედიკამენტები და სიცოცხლე საკუთარი სურვილით დროზე ადრე დაასრულონ.

კვირის დასაწყისში ფრანგულ  გაზეთებში – La Croix-სა და Liberation-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში მაკრონმა თქვა, რომ ახალი კანონი მხოლოდ სრულწლოვან მოქალაქეებს შეეხებათ, რომლებიც უკურნებელი დაავადებით იტანჯებიან. ახალ კანონში მკაცრად იქნება გაწერილი ყველა პირობა, რა შემთხვევაში შეეძლება პაციენტს სიცოცხლის დროზე ადრე დასრულების არჩევანის გაკეთება.

საფრანგეთის პრეზიდენტმა მაგალითად მოიყვანა კიბოთი დაავადებული ადამიანები, რომლებიც სიცოცხლის დასასრულებლად საზღვარგარეთ წავიდნენ და ხაზი გაუსვა, რომ  ეს კანონი არ გავრცელდება ფსიქიატრიული პრობლემებისა და ნეიროდეგენერაციული დარღვევების, მაგალითად, ალცჰაიმერის დაავადების მქონე პაციენტებზე.

„მხოლოდ 18 წელს ზემოთ უფროსი ასაკის ადამიანები, რომლებსაც საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბება შეუძლიათ, მიიღებენ უფლებას, ამ პროცესში ჩაერთონ. კანონი არ გავრცელდება ფსიქიატრიული პრობლემებისა და ნეიროდეგენერაციული დარღვევების, მაგალითად, ალცჰაიმერის დაავადების მქონე პირებზე. პაციენტს, რომელიც სიცოცხლის დასრულების არჩევანს გააკეთებს, 48 საათი ექნება გადაწყვეტილების შესაცვლელად“, – თქვა მაკრონმა.

ამის შემდეგ პროცესში ჩაერთვებიან ექიმები, რომლებსაც შესაბამისი დასკვნის მოსამზადებლად ორკვირიან ვადას მისცემენ. ექიმი გამოწერს სასიკვდილო აბის დანიშნულებას, რომელსაც სამთვიანი ვადა ექნება.

მოქალაქეებს ამ აბის მიღება შეეძლებათ სახლში, მოხუცებულთა თავშესაფარსა და ჯანდაცვის დაწესებულებაშიც. თუ პაციენტს ფიზიკური მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, თავად მიიღოს სასიკვდილო აბი, მაშინ შეეძლება, ექიმის ან ექთნის დახმარება მოითხოვოს.

მაკრონის თქმით, კანონის სახელწოდება იქნება „დახმარება სიკვდილში“, რადგან, მისივე აზრით, ეს უფრო ჰუმანური ტერმინია, ვიდრე „ევთანაზია“ და „თვითმკვლელობა სამედიცინო ხელშეწყობით“.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ახალ კანონზე მუშაობა მაისში დაიწყება და პროცესს რამდენიმე თვე დასჭირდება.

ცნობისთვის, სოციოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ პაციენტებისთვის სიცოცხლის დროზე ადრე დასრულების არჩევანის უფლების დაკანონებას საფრანგეთის მოქალაქეთა უმრავლესობა მხარს უჭერს.

მანანა ბანძელაძე

ესპანეთის პარლამენტმა ქვეყანაში ევთანაზია დააკანონა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close