მიგრაციასაზოგადოება

როგორ აიყვანეს 40-მდე ქართველი ექთანი გერმანიის კლინიკაში და რატომ ქრებიან მედდები საქართველოში

საქართველოში ექთნების დეფიციტი რომ იყო, ეს ჯერ კიდევ კოვიდპანდემიის პერიოდში გამოჩნდა. თუმცა, ცოტა ხნის წინ, აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა, ექთნების დეფიციტი კონკრეტულ რიცხვებში ასახა.

აღმოჩნდა, რომ ქვეყანას იმაზე გაცილებით ნაკლები ექთანი ჰყავს, ვიდრე უნდა ჰყავდეს. აი, მაგალითად, OECD-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) წევრი 38 ქვეყნის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, 100 000 მოსახლეზე უნდა მოდიოდეს 880 ექთანი. საქართველოში კი 2022 წელს ეს თანაფარდობა ასეთი იყო – 100 000 მოსახლეზე მხოლოდ 563 ექთანი.

აუდიტის სამსახურის დასკვნაში ისიცაა ნათქვამი, რომ სახელმწიფო ვერც არსებული კადრების უწყვეტი განათლების სისტემით უზრუნველყოფასა და ვერც ამ პროფესიაში ახალგაზრდების მოზიდვას ახერხებს.

ამ დასკვნის პარალელურად კი ირკვევა, რომ ქართველი ექთნები სამუშაოდ ევროპულ კლინიკებში გადადიან.

ექთნები საქართველოს დაბალი ანაზღაურების, მძიმე სამუშაო გრაფიკის და განვითარების პერსპექტივის არარსებობის გამო ტოვებენ. ამავე მიზეზებით, ახალგაზრდები, რომლებიც საექთნო პროფესიულ სასწავლებლებში სწავლობენ, დასაქმების ადგილად უცხოეთს განიხილავენ.

უკანასკნელ წლებში საქართველოდან ევროპაში სამუშაოდ ათეულობით ექთანია წასული.

რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ ქართველი ექთნებისთვის ყველაზე ხელსაყრელი ქვეყანა გერმანიაა. გერმანიის ხელისუფლება ქვეყანაში ექთნების დეფიციტს საქართველოდან, უკრაინიდან და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან წაყვანილი ექთნებით ავსებს.

საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეა“ სწორედ ის პროფესიული სასწავლებელია, რომელიც მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე თანამშრომლობდა ერთ-ერთ გერმანულ კომპანიასთან, რომელიც საქართველოში ექთნებს არჩევდა. შერჩევის შემდეგ კი, სამუშაო ვიზითა და ცხოვრების უფლებით, გერმანიაში, სხვადასხვა კლინიკაში სამუშაოდ მიჰყავდა.

კოლეჯის დირექტორი ვასილ კიკნაძე გვეუბნება, რომ თანამშრომლობის შედეგად ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ ამ ერთი კონკრეტული პროგრამით გერმანიაში სამუშაოდ 10-12 ექთანი გაემგზავრა:

„გერმანული მხარე სრულად აფინანსებდა ექთნებისთვის გერმანული ენის სასწავლო კურსს. შემდეგ ისინი აბარებდნენ გამოცდას და იმ შემთხვევაში, თუკი მათი ენის ცოდნის დონე იყო B2, მიჰყავდათ გერმანიაში“.

ვასილ კიკნაძე გვეუბნება, რომ პროგრამა, რომელიც კოლეჯის ბაზაზე 5-6 წლის განმავლობაში ხორციელდებოდა, დაახლოებით ერთი წელია შეჩერდა:

„გერმანულ მხარეს ჰქონდა მოლოდინი, რაც შეიძლებოდა მეტი ექთანი წაეყვანა საქართველოდან, თუმცა ენის შესწავლა მოკლე დროში არ იყო მარტივი და ამიტომ ეს პროექტი ჩვენს ბაზაზე დასრულდა, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, გერმანულ მხარეს დღესაც ბევრი ექთანი მიჰყავს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში დასასაქმებლად“.

გააგრძელი კითხვა აქ: radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close