ვიდეოკინო/ფილმები

უბერებელი „რომეო და ჯულიეტა“ კინომუსიკის გენიოსის – ნინო როტას მელოდიის თანხლებით (ვიდეო)

ფრანკო ძეფირელის 1968 წელს გადაღებული ფილმი „რომეო და ჯულიეტა“ შექსპირის პიესის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კინოადაპტაციაა.

…ტრაგედიაში მოთხრობილია ორი ახალგაზრდა შეყვარებულის ისტორია, რომლებიც თავიანთი ოჯახების საგვარეულო მტრობის გამო იღუპებიან. სავარაუდოდ, რეალურ სიუჟეტზე დაფუძნებული დრამა ავტორის სიცოცხლეშივე უაღრესად პოპულარულ ნაწარმოებად იქცა და „ჰამლეტთან“ ერთად დღემდე ყველაზე ხშირად იდგმება სცენაზე.

არსებობს რამდენიმე კინოვერსიაც, თუმცა დროს მხოლოდ ძეფირელის რეჟისორობით გადაღებულმა ფილმმა გაუძლო. მისი პოპულარობა მთავარი როლების შემსრულებლების, ულამაზესი 16 წლის ოლივია ჰასის და 17 წლის ლეონარდ უაითინგის გარდა, XX საუკუნის გამორჩეული იტალიელი კომპოზიტორის –  ნინო როტას მუსიკამაც განაპირობა.

ოლივია ჰასი ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა: „ნინო როტა თავისი სიმშვიდით ბუდას ჰგავდა. მე, ნინო როტა და ფრანკო ძეფირელი ერთად ვიყავით, როდესაც ფრანკო უხსნიდა მას, როგორი მუსიკა სჭირდებოდა ფილმისთვის. საოცარია, როდესაც მუსიკას სიტყვებით ხსნი, მელოდიისა და ჟანრის გარეშე. ფრანკოს ემოციურ აღწერას ნინო მოთმინებით უსმენდა, ბოლოს პიანინოს მიუჯდა და ოთხი ნოტი დაუკრა. „ეს არის! – შესძახა ფრანკომ. – ეს ის არის, რასაც ვგრძნობ!“ „მიხარია, თუ მოგწონს“, – უპასუხა როტამ, გამომხედა და თვალი ჩამიკრა. ეს იყო სასწაული, რომლის მომსწრეც მე ვიყავი. აი, ეს ოთხი ნოტი გახდა ფილმის სიყვარულის თემა“.

ნინო როტას „კინომუსიკის გენიოსს“ უწოდებდნენ. მისი მელოდიები 150-ზე მეტ ფილმში ჟღერს.

ხანგრძლივი შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში მაესტრო რამდენჯერმე იყო ნომინირებული პრესტიჟულ ჯილდოებზე – „ოსკარზე“, „ოქროს გლობუსსა“ და „გრემიზე“.

რაც შეეხება ძეფირელის, მას ერგო „ოსკარი“, „ოქროს გლობუსი“, „დონატელოს დავითი“, „ვერცხლის ფირი“… და მაყურებლის სიყვარული. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის შექმნიდან თითქმის 6 ათეული წელი გავიდა და თაობები შეიცვალა, ძეფირელისეულ „რომეო და ჯულიეტას“ კვლავაც ჰყავს მაყურებელი.

დაგაინტერესებთ: ყველა იტალიელი მამაკაცი კაზანოვაა, მაფია კი უკვდავია! – ექვსი მითი იტალიაზე

ამავე თემაზე: „რომეო და ჯულიეტას“ მსახიობები 55 წლის შემდეგ PARAMOUNT PICTURES-ს შიშველი სცენის გამო უჩივიან – მოთხოვნილი თანხა გაგაოცებთ

„რომეო და ჯულიეტას“ მსახიობები 55 წლის შემდეგ PARAMOUNT PICTURES-ს შიშველი სცენის გამო უჩივიან – მოთხოვნილი თანხა გაგაოცებთ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close