ნინოობას გილოცავთ! – დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა ნინოს ხსენების დღეა
ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში ქრისტიანობა მოციქულებმა იქადაგეს და პირველი სამოციქულო ეკლესიაც დააფუძნეს, მაგრამ IV საუკუნის დასაწყისისთვის ქვეყანა მაინც წარმართობის ტყვეობაში იყო. მაშინ ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის ლოცვა-კურთხევით ქართველი ერის ქრისტეს ნათლით გასანათლებლად ივერიისკენ მოციქულთა სწორი ქალწული ნინო გამოემართა. წმინდანის მოგზაურობა საქართველოსკენ მძაფრსიუჟეტიანი ფილმის სცენარს ჰგავს თავისი სასტიკი ეპიზოდებით…
ნინო რომის იმპერიაში, კაბადოკიის ქალაქ კოლასტრში დაიბადა ღრმადმორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. იერუსალიმის პატრიარქი იუბენალ I ნინოს დედის ძმა იყო. 12 წლის ასაკში იგი დედ-მამასთან ერთად იერუსალიმში გადავიდა საცხოვრებლად.
ნინომ იერუსალიმში შეიტყო, რომ კვართი, რომელიც იესო ქრისტეს ჯვარზე წამებისას ეცვა, წარმართთა სამეფოს (ქართლის) დედაქალაქ მცხეთაში იყო დაკრძალული…
ლეგენდის თანახმად, ერთხელ ნინოს, რომელიც მაშინ ეფესოში ცხოვრობდა, ღვთისმშობელი გამოეცხადა და თავის წილხვედრ ქვეყანაში – საქართველოში სამოციქულოდ გაგზავნა, თან ვაზის ჯვარი მისცა, რომელსაც განსაცდელისგან უნდა დაეცვა უცხო ქვეყანაში მიმავალი ქალწული. წმინდა ნინომ თმა მოიკვეცა და ვაზის რტოები საკუთარი თმით შეკრა.
წმინდანი ეფესოდან თავის ნათლულ რიფსიმესთან, გაიანესა და სხვა ქალწულებთან ერთად წამოვიდა კავკასიისკენ. მათ სომხეთს მიაღწიეს და სამეფო ბაღს შეაფარეს თავი. ქრისტიანების მდევნელ იმპერატორ დიოკლეტიანეს ბრძანებით, სომხეთის მეფე თრდატ მესამემ ისინი სასტიკად აწამებინა. ბოლოს ქალწულებს თავი მოჰკვეთეს, მარტო ნინო გადარჩა, რომელიც ვარდის ბუჩქებში დაიმალა. იქ მოესმა უფლის ხმა, რომ აღმოსავლეთით წასულიყო…
ნინო ჯავახეთში პირველ ივნისს (ახ. სტ.) შემოვიდა და თვალწარმტაც ფარავნის ტბასთან (2080 მ ზღვის დონიდან) 2 დღე დაისვენა.
მწყემსებმა საკვები უწილადეს და გზა ასწავლეს მცხეთისკენ. ამ დროს ქართლის ტახტი წარმართ მეფე მირიან III-ს და დედოფალ ნანას ეკავათ.
ნინო მცხეთაში სამეფო ბაღის მცველის ცოლმა შეიფარა. უშვილო ცოლ-ქმარს ნინოს ლოცვის შემწეობით შვილები შეეძინათ.
დედოფალი ნანა უკურნებელი სენით დაავადდა და ვერავინ უშველა. ბოლოს დასნეულებულ-დაუძლურებული დედოფალი წმინდა ნინოსთან მიიყვანეს სარეცლით, რომელმაც ლოცვით და ჯვრის შეხებით განკურნა. გახარებულმა დედოფალმა „ნინოს ღმერთი“ იწამა და ქრისტიანად მოინათლა, რასაც მეფე მირიანი ეწინააღმდეგებოდა.
ლეგენდის თანახმად, ერთხელ, ივლისის მზიან დღეს მეფე მირიანი თხოთის მთაზე წავიდა სანადიროდ თავის ამალასთან ერთად. ცაზე ღრუბლის ფთილაც კი არ ჩანდა… უეცრად ჩამობნელდა და არემარე უკუნმა მოიცვა. შეშინებული მხლებლები მეფეს შემოეფანტნენ. მირიანმა სიბნელეში გზა ვერ გაიგნო და, შეძრწუნებულმა, თავის კერპებს სთხოვა შველა, მაგრამ ამაოდ… მაშინ „ნინოს ღმერთს“ მიმართა, რომელმაც დედოფალი მძიმე სენისგან განკურნა და აღუთქვა, რომ სამეფოს მის რჯულზე მოაქცევდა. მოხდა სასწაული – „ნინოს ღმერთმა“ შეისმინა წარმართი მეფის ვედრება და არემარე ისევ განათდა, მირიანიც მშვიდობით დაბრუნდა სასახლეში.
ამის შემდეგ მან სიტყვა შეასრულა, აღიარა ქრისტე და ქართლის სამეფოში ოფიციალურ რელიგიად ქრისტიანობა გამოაცხადა (323 ან 326 წელს).
სამეფო სასახლის ბაღში, უფლის კვართის დაფვლის ადგილას, აიგო პირველი ქრისტიანული ტაძარი – სვეტიცხოველი.
წმინდა ნინო წლების განმავლობაში იღვწოდა ქრისტიანობისთვის, მისი ლოცვით არაერთი სასწაულებრივი კურნება აღესრულა. მრავალი ცრემლით, ლოცვითა და მკაცრი მოღვაწეობით სრულყო მან თავისი მოციქულებრივი ღვაწლი.
წმინდა ნინო ბოდბეში (კახეთი) აღესრულა და იქვე დაკრძალეს. მისი საფლავის ადგილას ეკლესია აშენდა (რომელიც წმინდა გიორგის სახელობისაა – წმინდა გიორგის შესახებ ქართლში სწორედ წმინდა ნინოსგან შეიტყვეს).
ბოდბის მონასტრიდან დაახლოებით 3 კმ-ში წმიდა ნინოს წყაროა. გადმოცემის თანახმად, ის წმიდა ნინოს ლოცვით გაჩენილა. ამიტომაც ეწოდება წმიდა ნინოს წყარო. ამ წყალში განბანვის შემდეგ უამრავი სულიერად და ფიზიკურად დაავადებული ადამიანი განკურნებულა.
წყაროსთან წმიდა ნინოს მშობლების – წმიდათა ზაბულონისა და სოსანას სახელობის მცირე ეკლესიაა აგებული.
ნინო ქართველთა საყვარელი წმინდანია, მის მადლსა და ძლიერებაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ასეულობით წელია, საქართველოში ქალის ყველაზე პოპულარული სახელი ნინოა.
ნინოს თმებით შეკრული ვაზის ჯვარი – საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სიწმინდე – თბილისის სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდრით, წმინდა ნინოს ხსენების დღე წელიწადში ორჯერაა: პირველ ივნისს (ახ. სტ.), მისი საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს (ახ. სტ.) – მისი მიძინების (გარდაცვალების) დღეს.
ნინოობას გილოცავთ!
ტროპარი
სიტყვისა ღმრთისა მსახურთა თანამოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის. ამინ.
კონდაკი
მოციქული ქრისტეისგან გამორჩეული, ქადაგი სიტყვისა ღმრთისა განსწავლული, მახარებელი ცხოვრებისა, წინამძღვარი ქართველთა ერისა გზათა მშვიდობისათა, დედისა ღმრთისა საკუთარი მოწაფე ნინო შევამკოთ დღეს ყოველთა გრძნობითა საღმრთოითა, მეოხი მხურვალე, მცველი დაუძინებელი.
ამავე თემაზე:
კომენტარები