მიცოტაკისი საბერძნეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას აპირებს – მთავრობა კანონპროექტს მალე წარადგენს (ვიდეო)
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა ERT-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა კანონპროექტზე, რომლის შეტანასაც მალე აპირებს პარლამენტში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დასაკანონებლად. „რასაც კანონმდებლობით გავამყარებთ – ეს არის ქორწინების თანასწორობა“, – განაცხადა მიცოტაკისმა.
„ქორწინება – ეს კონსერვატიული ინსტიტუტია, რომელიც მუდმივობის გრძნობას გულისხმობს. მე არ შემომაქვს რაიმე რევოლუციური, 20-მა ევროპულმა ქვეყანამ უკვე მიიღო კანონები – 15 მათგანი ევროკავშირის შიგნითაა, ჩვენ ამერიკას არ აღმოვაჩენთ“, – აღნიშნა მან ERT-სთან ინტერვიუში.
მისივე განმარტებით, საუბარია სამოქალაქო ქორწინებაზე.
რაც შეეხება ერთნაირსქესიანი წყვილების მიერ ბავშვების გაზრდას, ინტერვიუში მან თქვა: „დღეს ბავშვები არსებობენ და არა მგონია, ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს ამ რეალობაში, რომ ერთნაირსქესიან წყვილებს ჰყავთ ბავშვები და ეს ბავშვები არ შეწყვეტენ არსებობას, ისინი არ გაქრებიან. თუმცა ამ ბავშვებს, იცით, არ აქვთ თანაბარი უფლებები“.
„ჰომოსექსუალიზმი – ეს არ არის [ჩვენი] „დროის ახირება“, ის ადამიანის რასის დასაბამიდან არსებობდა, ამიტომ ბავშვები იყვნენ, არიან და იქნებიან მომავალშიც, ამიტომ ჩვენ როგორღაც უნდა ვისწავლოთ მათი უფლებების რეგულირება“, – განაცხადა პრემიერმა.
საბერძნეთში, სადაც მართლმადიდებელი ეკლესია დიდი ხანია ეწინააღმდეგება ერთნაირსქესიანი წყვილების თანაბარ უფლებებს, გასული ათწლეულის განმავლობაში მთელი რიგი რეფორმები გატარდა ლგბტ+ თემის უფლებების განსამტკიცებლად.
მიცოტაკისის კანონპროექტს, სავარაუდოდ, მემარცხენე პარტიების მხარდაჭერა ექნება, მაგრამ უფრო კონსერვატიულ წრეებში, დიდი ალბათობით, წინააღმდეგობა შეხვდება.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები