არტისტიინტერვიუ

„ამქვეყნად ისე უნდა იცხოვრო, რომ უკან მიხედვის არ შეგეშინდეს“ – გურამ საღარაძე

„ცხოვრება სკოლაა, მისგან ძალიან ბევრს სწავლობს ადამიანი. კონკრეტულად საუბარი ძნელია, რადგან გააჩნია, რომელ სფეროს ეხება: საყოფაცხოვრებო საკითხებს, პროფესიას, ოჯახს, მეგობრებს, სიყვარულს თუ სხვა… მთავარია სწორად იცხოვრო, ტყუილის გარეშე – მატყუარა არ უნდა იყო…

რაზე დამაფიქრა ცხოვრებამ? სიმართლე გითხრათ, ბოლო ხანს ფილოსოფიაში ვარ „გადავარდნილი“, სწორედ ფიქრიდან გამომდინარე. სამყაროს წარმოშობის საკითხი მთელ კაცობრიობას აღელვებს, მეც, რასაკვირველია… ათასგვარი შეკითხვა მიჩნდება, ყველაფერი მაოცებს: ადამიანის დაბადება, სიცოცხლის ფენომენი… გარდა ამისა, ამქვეყნად იმდენი ამოუცნობი მოვლენა ხდება, ზოგჯერ, როცა ამ ყველაფერს ვუფიქრდები, ისეთ უსასრულობამდე მივდივარ, სადაც არანაირი პასუხი არ არსებობს… ძალიან მიყვარს ცხოველები, სახლში მყავს ძაღლი, დიდი ხნის განმავლობაში კატაც მყავდა – ჩემი გარდაცვლილი მეუღლე (ტატიანა ბუხბინდერი რეჟისორი, თეატრალური ინსტიტუტის პროფესორი იყო – თ. ო.) ცხოველების დიდი მფარველი და მოსიყვარულე იყო. ეს თვისება მეც გადამდო და ჩვევად დამიტოვა, ჰოდა, ამ ცხოველებს რომ ვუყურებ, როგორ საუბრობენ, როგორ გელაპარაკებიან თვალებით, ვგიჟდები,…მართლა ფანტასტიკაა!.. მსგავსი საკითხები ამ ბოლო დროს წამოტივტივდა, ადრე მათზე არასოდეს მიფიქრია, – როგორც ჩანს, წლების ბრალია…“

არასოდეს დამავიწყდება მსახიობ გურამ საღარაძესთან სახლში სტუმრობა და ინტერვიუ, საიდანაც ეს პატარა ჩანაწერი შემოგთავაზეთ. იმ დღეს ბევრ რამეზე ვისაუბრეთ: ბავშვობაზე, პროფესიაზე, კინოზე, თეატრზე, პოეზიაზე, ოჯახზე, პირველ ქართულ ტელესერიალზე „სახლი ძველ უბანში“, სადაც მთავარი როლი შეასრულა და ბატონი გურამის 75 წლის იუბილეზეც, რომელიც ცნობილ მსახიობსა და მხატვრული კითხვის დიდოსტატს ყველაზე ლამაზად ახსოვდა:

„თუ შეიძლება რაღაც განსაკუთრებულად გამოიყოს, ალბათ 75 წლის იუბილე იყო: იმ დღეს ჩემი ახლობლები და საძმაკაცო რესტორანში დავპატიჟე და მე თვითონ ვიყავი თამადა (ალბათ მიხვდით, რომ ამ ფრაზას თან მრავლისმეტყველი ღიმილი ახლდა – თ. ო.)… მეგობრებიც, ახლობლებიც ამ ბოლო დროს ჭირვეულები გახდნენ, ზოგს, ბოდიში მომითხოვია და, კუჭი სტკივა, ზოგს წნევა აწუხებს და ამის გამოა ცუდად, ჰოდა, გამოსავალი მოვძებნე, ჩემზე უკეთესად ჩემს თავს და ცხოვრებას ვერავინ იცნობს, ამიტომ მე თვითონ ვიქნები-მეთქი თქვენი თამადა, გამოვუცხადე საზოგადოებას. ამ წინადადებას ყველა აღფრთოვანებით შეხვდა და, როგორც ამბობენ, ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა, ბევრი იმხიარულეს და ნასიამოვნები დაიშალნენ. კარგი განწყობა იყო, ბევრი საჩუქარიც მივიღე: უმაღლესი ხარისხის სხვადასხვა ფირმის პარფიუმერია, შესანიშნავი ჰალსტუხები, პერანგები, წიგნები და სხვა, მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ იუბილესთან დაკავშირებით წმინდა გიორგის შესანიშნავი ვერცხლის ხატით დამაჯილდოვა, მომეფერა, მომესიყვარულა, საკმაოდ თბილი და კარგი სიტყვები მითხრა და ერთი სანთელიც მაჩუქა, „ნელ-ნელა დაანთე ხოლმეო“. მე ყოველ საღამოს, ძილის წინ და დილას, ადგომის დროს ვლოცულობ, ახლა პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ამ სანთელსაც ვანთებ და უფალს ჩემი ქვეყნის ბედნიერებას შევთხოვ, არ მინდა, ისე მოვკვდე, საქართველო გამთლიანებული არ ვნახო…“

***

ვწერ და ახლაც ყურში ჩამესმის გურამ საღარაძის შთამბეჭდავი ხმა, რომ „ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს“; რომ „პატარ-პატარა გულდასაწყვეტი რაღაცები ყოფილა, თუნდაც განუხორციელებელი როლები, რაზეც ხმამაღლა არასოდეს ლაპარაკობს“; რომ მისი „ცხოვრებისეული დევიზია: ამქვეყნად ისე უნდა იცხოვრო, რომ უკან მიხედვის არ შეგეშინდეს“ და განსაკუთრებით მისი გმირის გამონათქვამი სპექტაკლიდან „კავკასიური ცარცის წრე“: „მე რასაც ვაკეთებ, ყველაფერს ლაზათიანად ვაკეთებ!“ …მის მიერ წაკითხული ლექსები ხომ, საერთოდ, დაუვიწყარია.

12 იანვარს საქართველოს სახალხო არტისტს გურამ საღარაძეს 95 წელი შეუსრულდებოდა.

თამარ ოთიაშვილი

გურამ საღარაძე თამარ ოთიაშვილთან ერთად

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close