კრიმინალიქართველები უცხოეთშისაბერძნეთი

ბინების მასობრივი ძარცვა თესალონიკში და დაკავებული საქართველოს მოქალაქეები – დაჯგუფების ლიდერი წარსულში 6 წლის ბავშვის გატაცებისთვის იხდიდა სასჯელს

ბერძენი სამართალდამცველების მიერ მასობრივი ძარცვის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს შორის ერთ-ერთი 27 წლის მიხეილ წმინდაშვილია. ბრალდებულის ახლობლები „კურიერს“ უდასტურებენ, რომ მამაკაცი წლებია საბერძნეთში ცხოვრობს, თუმცა დანაშაულის დეტალებზე ინფორმაცია არ აქვთ.

საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში მძარცველთა 5-კაციანი დაჯგუფება მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციამ ფარული თვალთვალის შედეგად მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მოიპოვა. მძარცველებს შორის სამი ქართველია, ჯგუფს კი წარსულში მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული სომხეთის მოქალაქე ხელმძღვანელობდა. აღმოჩენილია კონსპირაციული ბინა, სადაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სპეციალური დანადგარით გასაღებების ასლებს ამზადებდნენ.

სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკისას ამოიღეს ნაძარცვი ძვირფასეულობა, ძვირადღირებული საათები, 170 000 ევრო, ცეცხლსასროლი იარაღები, ათობით გასაღების ასლი, 5 ავტომობილი და მძარცველების პირადი ნივთები ე.წ. ქურდული სიმბოლიკით.

ქართულ-სომხური დაჯგუფების დაკავებას აქტიურად აშუქებს ბერძნული მედია. ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა მრავალტომიანი საქმის მასალები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ დაჯგუფების ლიდერი, 45 წლის სერგეი ზოჰაბიანი ჯერ კიდევ 2002 წელს მძიმე დანაშაულისთვის იყო გასამართლებული. საუბარია 6 წლის გოგონას გატაცებაზე, რომელიც 26 დღე დატყვევებული ჰყავდათ და გამოსასყიდის სახით 3 მილიონ ევროს ითხოვდნენ.

საქართველოს სამი მოქალაქე დაჯგუფების სხვა წევრებთან ერთად ახლა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მათი ასაკი 27-დან 45 წლამდე მერყეობს. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა, სავარაუდოდ, თებერვალში დაიწყება.

rustavi2.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close