წარმატებას დედის სახე აქვს! – გერმანელი ფსიქოთერაპევტის დამაფიქრებელი დასკვნა
ფრაზა: „წარმატებას დედის სახე აქვს“ – გერმანელ ფილოსოფოსს, ფსიქოთერაპევტს და თეოლოგს ბერტ ჰელინგერს ეკუთვნის, რომელმაც შეისწავლა ნათესაური კავშირები ოჯახში. მან ასევე შეისწავლა დედისა და შვილის ურთიერთობა და აღმოაჩინა კანონზომიერება: ადამიანს ისეთი ცხოვრება აქვს, როგორი ურთიერთობაც აქვს დედასთან!
ბერტ ჰელინგერის წარმოდგენით, ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში არა მხოლოდ გონება, მოტივები და სიტუაციური გრძნობები მართავს, არამედ „ოჯახური ველი“ თავისი დაფარული დინამიკით. ამ დაფარულ დინამიკას „ოჯახის სული“ (Family Soul) ჰქვია და ის საკუთარ, უნივერსალურ კანონზომიერებას ემყარება.
ჰელინგერი ამბობდა, რომ როდესაც გულში დედას ვეუბნებით „არას“, ამით ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერს დანარჩენსაც ვეუბნებით „არას“. თუ ადამიანს დედასთან ღრმა სულიერი კავშირი აქვს, სიყვარული და მიმღებლობა აერთიანებს მშობელთან, მაშინ მისი ცხოვრება წარმატებულია და შეუძლია მიაღწიოს ყველაფერს, რისკენაც ისწრაფვის. თუ არადა, მაშინ დედის მიმართ უკმაყოფილება, ტკივილი და პრეტენზია უნდა განიკურნოს, რათა სასურველ წარმატებას მიაღწიოთ.
გთავაზობთ მცირე ამონარიდებს ბერტ ჰელინგერის სწავლებიდან, რომელიც აუცილებლად დაგაფიქრებთ:
„…წარმატებას დედის სახე აქვს, როგორი დამოკიდებულებაც გაქვს დედასთან ქვეცნობიერ დონეზე, ისეთივე იქნება თქვენი წარმატებაც… კაცი კი მხოლოდ მაშინ მოახერხებს წარმატების მიღწევას, როცა ინტუიციას განივითარებს და სამყაროსთან წარმატებულ უკუკავშირს მოახერხებს.
შეგიძლიათ თეორიულად დაუსრულებლად ამტკიცოთ, რომ გიყვართ დედა, მაგრამ სიმართლეზე რეალობა ლაპარაკობს. რეალობაა სწორედ მისდამი თქვენი ჭეშმარიტი სიყვარულის უკუკავშირი… ვისაც კარგი კავშირი აქვს დედასთან, ის სიხარულს ავლენს და სხვებსაც უყვართ. ეს ადვილადაა შესამჩნევი. ხოლო როცა ვინმე ამბობს, რომ ბედნიერი არ არის, ყოველთვის ვეკითხები, როგორი ურთიერთობა აქვს დედასთან.
ყველაზე მეტად დედისადმი წყენას ადამიანის ცივი მზერა ამხელს. დედით „იმედგაცრუება“ საკუთარი თავით იმედგაცრუებამდე მიდის, რომელსაც მარტოობა მიჰყვება კვალში.
დედისადმი პრეტენზიები ხელს გიშლით ცხოვრებაში, მათ შორის, პირად ცხოვრებაშიც. შესაძლოა გარშემომყოფთა თვალში წარმატებულიც ჩანდეთ, მაგრამ სანამ დედისადმი პრეტენზიებისგან არ გათავისუფლდებით, თქვენი ამბიციები არ დაკმაყოფილდება.
…როდესაც საბოლოოდ გათავისუფლდებით დედის მიმართ პრეტენზიებისგან, თავადაც გაგიკვირდებათ, როგორ დაიკავებს წყენისგან გათავისუფლებულ ადგილს თქვენს ცხოვრებაში წარმატება, სილამაზე, ჯანმრთელობა, ფინანსური კეთილდღეობა და ჰარმონიული ურთიერთობები. სიმძიმე გაქრება და მიხვდებით, რომ სინამდვილეში დედათქვენი არაფერ შუაში იყო, რეალურად ეს პრეტენზიები თქვენ „დააკოპირეთ“ მისგან ისე, როგორც გესმოდათ, თავად დაუწესეთ ეს სტანდარტები საკუთარ თავს და მერე ცხოვრებას იწამლავდით თქვენივე გამოგონილი დანაშაულის გრძნობით, მისი სახელით. გახსოვდეთ!წარმატებას დედის სახე აქვს, როგორი დამოკიდებულებაც გაქვს დედასთან ქვეცნობიერ დონეზე, ისეთივე იქნება თქვენი წარმატებაც.
…რაც შეეხება მამისადმი პრეტენზიებს, ამაზე თქვენი შიშები, თავდაჯერების ნაკლებობა და საქმეში მერყეობა მიანიშნებს. ასეთი წყენა დაცულობის შეგრძნებას გართმევთ და ლუკმაპურისთვის მძიმე შრომას გაიძულებთ.
არა აქვს მნიშვნელობა, რა სახის, რა ფორმის ურთიერთობა გაქვთ მშობლებთან ახლა, საერთოდ, გაქვთ თუ არა ურთიერთობა, ან საერთოდ, გყავთ თუ არა მშობლები. საკუთარ თავში მათდამი პრეტენზიებისადმი უნდა გათავისუფლდეთ და ეს საკუთარი თავისთვის უნდა გააკეთოთ. ეცადეთ, გადახარშოთ მშობლებისადმი წყენა და თქვენში მათდამი სიყვარული გააფართოოთ“.
გერმანელი მეცნიერი ბერტ ჰელინგერი 1952 წლიდან, დაახლოებით 16 წლის განმავლობაში მღვდელი იყო, ღვთისმსახურების დატოვების შემდეგ ფსიქოთერაპევტი და მწერალი გახდა. ბევრისთვის მიუღებელია მისი თამამი მოსაზრებები, თუმცა თავად ამბობდა, რომ სურს უერთგულოს ადამიანებს და არა იდეალებს და არ ეშინია, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის მისი გზა მიუღებელი იქნება.
ჰელინგერის „ოჯახური/სისტემური განლაგებების“ მოძღვრების თანახმად, ოჯახის სული (Family Soul) მარტივ პრინციპებს ეფუძნება. სანამ ამ პრინციპების უარყოფას ან გაუფასურებას შევეცდებოდეთ, მანამდე ღირს, რომ მათზე დავფიქრდეთ.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები