ვიდეოსპორტი

რატომ მოხდა შელაპარაკება ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟოზე მოურინიოს შორის – „ნაპოლი“ „რომასთან“ დამარცხდა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატის მე-17 ტურში სტუმრად „რომასთან“ დამარცხდა. „ნაპოლიმ“, ბოლო წუთებში ცხრა ფეხბურთელით (მეკარის ჩათვლით) დარჩენილმა, დაძაბული შეხვედრა 0:2 წააგო. ორივე გოლი „რომამ“ მე-2 ტაიმში გაიტანა მას შემდეგ, რაც „ნაპოლი“ მოედანზე ჯერ 10 ფეხბურთელით დარჩა, 86 წუთზე ოსიმენის გაძევების შემდეგ კი – 9 ფეხბურთელით. მეორე გოლი მსაჯის მიერ დამატებულ დროში ბოლო წამებზე გავიდა.

მატჩი „სტადიო ოლიმპიკოზე“ ხვიჩამ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. მის წინააღმდეგ უხეშობისთვის პირველ ტაიმში არბიტრმა სტუმართა ორი ფეხბურთელი  „დაასაჩუქრა“ ყვითელი ბარათებით. ეს ორი გაფრთხილება „რომას“ ფეხბურთელებს არ მოეწონათ და მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ გადაჭარბებულად ჩათვალა, პორტუგალიელმა ხვიჩა სიმულაციაში დაადანაშაულა და მოედნის კიდესთან მათ შორის შელაპარაკება მოხდა. ბოლოს მოურინიო, რომელსაც მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებთან  საუბარი და „დარიგებები“ უცხო არ არის, ვითარების განმუხტვის მიზნით, ხვიჩას გადაეხვია. შემდეგ მასთან ოსიმენიც მივიდა თანაგუნდელის მხარდასაჭერად, მოურინიო ოსიმენსაც „სიყვარულით“ დაშორდა – ლოყაზე აკოცა და ინციდენტიც ამოიწურა.

მატჩი თავიდანვე დაძაბულად დაიწყო. პირველ ტაიმში „რომამ“ უფრო მეტი რეალური მომენტი შექმნა, მაგრამ მერეტი მოწოდების სიმაღლეზე იყო და პირველი 45 წუთი უგოლოდ დასრულდა – 0:0.

მეორე ტაიმის დასაწყისში კვარაცხელიამ ერთ ეპიზოდში თამაში კარგად გაამწვავა, მაგრამ მისი დარტყმა „რომას“ მეკარემ აიღო. მეორე ტაიმში 66-ე წუთზე მატეო პოლიტანომ „რომას“ ფეხბურთელის უხეშობა ვეღარ მოითმინა, მეტოქეს წიხლი მიარტყა და ამის გამო მოედნიდან გააძევეს.

ზოგადად, თამაში ძალიან უხეში იყო, მსაჯი ლამის ყოველ 15 წუთში ყვითელ ბარათს უჩვენებდა ფეხბურთელებს.

„რომამ“ რიცხობრივი უპირატესობით მალე ისარგებლა – მასპინძლების შეტევა 76-ე წუთზე ლორენცო პელეგრინიმ ეფექტური დარტყმით დააგვირგვინა. მერეტი, რომელმავ არაერთხელ იხსნა აშკარა გოლისგან „ნაპოლის“ კარი, ამჯერად უძლური აღმოჩნდა.

86-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენმა მეტოქის წინააღმდეგ, რომელმაც შეტევა წამოიწყო, უხეშად ითამაშა და მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, შესაბამისად, ნეაპოლელების თავდამსხმელი მსაჯმა მოედნიდან გააძევა.  მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ, 87-ე წუთზე კვარაცხელიაც შეცვალა. დარჩენილი დაახლოებით 10 წუთი (მსაჯმა ჯერ 4 წუთი დაუმატა ძირითად დროს, შემდეგ კი კიდევ დაახლოებით 2 წუთი) „ნაპოლიმ“, მეკარეს თუ არ ჩავთვლით, მოედანზე 8 ფეხბურთელით ითამაშა 10-ის წინააღმდეგ, ბოლო წუთზე შეტევაც  წამოიწყო, თუმცა ამ შეტევის კონტრშეტევა რომელუ ლუკაკუმ გოლით დაასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა –  2:0.

ამ მოგების შემდეგ „რომამ“ „ნაპოლის“ ერთი ქულით გაუსწრო და  28 ქულით მე-6 ადგილზე დაწინაურდა. „ნაპოლი“ სერია A-ში ჩატარებული 17 მატჩიდან 27 ქულით მე-7 ადგილზე ჩამოქვეითდა.

იტალიის ჩემპიონატის მომდევნო, მე-18 მატჩში 29 დეკემბერს „ნაპოლი“ „მონცას“ შეხვდება საკუთარ მოედანზე. ამ თამაშს ვიქტორ ოსიმენი გამოტოვებს დღევანდელი წითელი ბარათის გამო.

ნუცა ყაველაშვილი

ნახეთ მატჩის საუკეთესო მომენტები:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close