ძლიერი უამინდობა საქართველოში 26 დეკემბრის დღის მეორე ნახევრამდე გაგრძელდება – გარემოს ეროვნული სააგენტო
სინოპტიკოსთა პროგნოზით, საქართველოში 26 დეკემბრის დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნდება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ძლიერი თოვა, ძლიერი ქარი, ნისლი, ქარბუქი, ლიპყინული საავტომობილო გზებზე, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა; მაღალმთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება, ზღვაზე ძლიერი 6 ბალამდე შტორმი.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთზე დიდთოვლობის, ლიპყინულის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილებით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
ამჟამად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რთულ მონაკვეთებზე შეზღუდულია ან აკრძალულია ტრანსპორტის მოძრაობა.
მათ შორის, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურისა და გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთებზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, რადგან ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია.
ამავე საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტენსიური თოვის გამო, მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ1–კმ50 (ხაშური-აწყური) მონაკვეთზე. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ამავე საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
განახლება (23.45 სთ, 24.12.2023):
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა- გუდაურის მონაკვეთზე ავროტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია და განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, ხოლო გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
კომენტარები