„შობა გვიახლოვდება და ისევ დაიწყება კამათი: 25 დეკემბერი თუ 7 იანვარი?“ – ასტრონომის მოსაზრება
„ჩემი აზრით, თუ რაიმე პოლიტიკური მოსაზრებები არ არის, ეკლესიის გადასვლა ახალ კალენდარზე საჭიროა და ეს უფრო მოვა შესაბამისობაში დღევანდელ ცოდნასთან“, – წერს ასტრონომი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ჯავახიშვილი და თავის მოსაზრებას მეცნიერულად ასაბუთებს.
„შობა გვიახლოვდება და ისევ დაიწყება კამათი: 25 დეკემბერი თუ 7 იანვარი? ნება მომეცით, გამოვთქვა ჩემი ასტრონომიული მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით.
1) როგორც თეოლოგები ამბობენ, ქრისტე საერთოდ არ არის 25 დეკემბერს დაბადებული და სადღაც აპრილში დაიბადაო.
2) თუ კალენდარული დღე აღნიშნავს დედამიწის მდებარეობას ორბიტაზე, რაც ნახაზზეა მოცემული. ბოლო ერთი მილიონი წლის განმავლობაში მაინც, დედამიწა 25 დეკემბერს ნამდვილად იმყოფებოდა იმ წერტილში სადაც ახალი სტილით 25 დეკემბერს იქნება (და არა 7 იანვარს). ძველი სტილი ჩვენი ნაკლები ცოდნის შედეგია, რომელიც შუა საუკუნეებში გამოსწორდა.
3) ზოგიერთი ღვთის მსახურის მოსაზრებით, თუ გადავალთ ახალ სტილზე, მაშინ ჩვენ დავარღვევთ შვიდეულებს სამყაროს შექმნიდან.
ამასთან დაკავშირებით ერთ ამბავს მოგახსენებთ. 7 და შვიდეულები დაკავშირებულია იმ შვიდ პერიოდულად მოძრავ ობიექტთან, რომლის მოძრაობასაც შეუიარაღებელი თვალით ვაკვირდებით ცაზე. (მზე, მთვარე, მერკური, ვენერა, მარსი, იუპიტერი, სატურნი). ამასთან არის დაკავშირებული კვირის დღეებიც, რასაც კვირის დღეების სახელებიც გვეუბნება ლათინურში და სხვა ენებში.
ამავე დროს უნდა გითხრათ რომ პლანეტა ურანი აღმოაჩინა ჰერშელმა 1781 წელს ტელესკოპით. ის ხშირად მე-6 ე სიდიდის ობიექტად მოჩანს, ანუ ჩვენ ვხედავთ მას, როგორც ძალიან სუსტ ვარსკვლავს. უბრალოდ, ჩვენმა წინაპრებმა ვერ მოახერხეს მისი, როგორც პლანეტის, დაფიქსირება, თორემ გვექნებოდა ჯადოსნური რიცხვი 8. რვადღიანი სამუშაო კვირა, ღმერთი რვა დღეში შექმნიდა სამყაროს. ანუ თავისთავად ეს შვიდეულებიც პირობითია და ჩვენი ცოდნიდან არის გამომდინარე.
გარდა ამისა, სამყაროს შექმნის შემდეგ (ანდა დედამიწის შექმნის შემდეგ) დღე-ღამის ხანგრძლივობა ძალიან შეიცვალა. დედამიწის დაბადებისას წელიწადში დაახლოებით 1000 დღე-ღამე იყო. ესე იგი, ის შვიდეულებიც უკვე დიდი ხანია დარღვეულია.
ჩემი აზრით, თუ რაიმე პოლიტიკური მოსაზრებები არ არის, ეკლესიის გადასვლა ახალ კალენდარზე საჭიროა და ეს უფრო მოვა შესაბამისობაში დღევანდელ ცოდნასთან“, – წერს ასტრონომი.
კომენტარები