ვიდეომსოფლიოპოლიტიკა

ისრაელის არმია ჰამასის გვირაბების ქსელის ზღვის წყლით დატბორვას იწყებს (ვიდეო)

ისრაელის არმია ჰამასის გვირაბების დატბორვას გეგმავს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

როგორც გავლენიანი ამერიკული გამოცემა წერს, ისრაელის არმიამ, სულ ცოტა, 5 სატუმბი სისტემა დაამონტაჟა იმ გვირაბების დასატბორად, რომლებსაც ღაზის სექტორში ჰამასის წევრები იყენებენ და ამ გზით შეეცდება, მის მებრძოლებს გვირაბებიდან გამოსვლა აიძულოს.

„უოლ სტრიტ ჯორნალის“ ცნობით, სატუმბი სისტემები იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკის, აშ-შატის ჩრდილოეთით დაამონტაჟეს. მათი მეშვეობით ისრაელს ხმელთაშუა ზღვიდან საათში ათასობით კუბური მეტრი წყლის ამოტუმბვა და გვირაბებში ჩაშვება შეუძლია, შედეგად ჰამასის გვირაბების ქსელი რამდენიმე კვირაში დაიტბორება.

ჯერჯერობით უცნობია, რა შედეგს მოიტანს გვირაბების დატბორვის გეგმის განხორციელება. ვაშინგტონში მდებარე სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ვიცე-პრეზიდენტის, ჯონ ალტერმანის თქმით, ძნელი სათქმელია, რა რაოდენობის ზღვის წყალი გაჟონავს ნიადაგში და რით დასრულდება დატბორვა.

„რთულია გაიგო, თუ რას გავლენას მოახდენს ზღვის წყალი კანალიზაციის ინფრასტრუქტურაზე, მიწისქვეშა წყლის რეზერვებზე და, ასევე, რთულია შეისწავლო, თუ როგორი ზემოქმედება ექნება ამას მიმდებარე შენობების სტაბილურობაზე“, – თქვა ალტერმანმა.

„როიტერის“ ცნობით, ისრაელის არმიამ „უოლ სტრიტ ჯორნალის“ სტატიაში მოყვანილი გეგმის დეტალებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა, თუმცა სამხედროებმა აღნიშნეს, რომ „ისრაელის არმია მუშაობს, რათა ჰამასის ტერორისტული პოტენციალი გაანადგუროს და ამისთვის სხვადასხვა სამხედრო თუ ტექნოლოგიურ საშუალებას მიმართავს“.

ისრაელის თავდაცვის არმიის ინფორმაციით, 3 დეკემბრის მონაცემებით, ცაჰალმა 800-ზე მეტი შახტი აღმოაჩინა, რომელიც ჰამასის მიწისქვეშა გვირაბებს უკავშირდება.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close