მსოფლიოკულტურასაქართველო

„ამიერიდან ივერიის ღვთისმშობელი იქადაგებს საქართველოს ფარგლებს გარეთ, ამჯერად ვატიკანის ტერიტორიაზე“ – მეუფე დანიელი

პირველად ისტორიაში ვატიკანის წმინდა მიწაზე, საქართველოსთვის საგანგებოდ შერჩეულ ადგილას ქართული მოზაიკური ფრესკა განთავსდა ილია მეორისა და ქართველი ხალხის მიმართ გამოხატული პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის შესანიშნავი ურთიერთობები არსებობს და ივერიის ღვთისმშობლის ხატის მოზაიკის განთავსებაც ამის გაგრძელებაა.

ვატიკანისთვის განკუთვნილ მოზაიკაზე ივერიის ღვთისმშობლის გამოსახვის გადაწყვეტილება საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრმა მიიღო, რომელსაც თავად პატრიარქი ხელმძღვანელობს. ფრესკის ავტორია ცნობილი ქართველი ფერმწერი, მოზაიკოსი ამირან ბაკურაძე. ძვირფასი თვლებით შემკულ მოზაიკაზე არქიტექტორები ხუთი თვის განმავლობაში მუშაობდნენ.

ივერიის ღვთისმშობლის უძველესი ქართული მართლმადიდებლური ხატის ორიგინალი ქართველმა ბერებმა საბერძნეთში დაარსებულ ათონის ივერთა მონასტერში დაავანეს მე-11 საუკუნეში და დღესაც იქ ასვენია. ღვთისმშობლის ხატი სასწაულმოქმედია, მასთან დაკავშირებულ უამრავ სასწაულს შორისაა ჭირის ეპიდემიის დროს სხვადასხვა ადგილას, სადაც ჩაიტანეს, ყველა იმ ადამიანის განკურნება, რომელიც ხატის წინაშე ლოცულობდა და ღვთისმშობელს შესთხოვდა შველას.

ივერიის ღვთისმშობლის ხატის ვატიკანისთვის შექმნილი მოზაიკური ასლი უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა, უძველესი ქართული კულტურა ხელოვნების მსოფლიო შედევრებს შორის იყოს წარმოდგენილი.

„ეს არის ისტორიული მოვლენა და ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ამ ხატის დავანება იქნება კიდევ ერთი საშუალება ქრისტიანული სარწმუნოების დაცვისა თანამედროვე მსოფლიოში, რომელიც თანდათანობით სცილდება სულიერ ღირებულებებს. ამიერიდან ივერიის ღვთისმშობელი იქადაგებს საქართველოს ფარგლებს გარეთ, ამჯერად ვატიკანის ტერიტორიაზე“, – აღნიშნა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა.

ისტორიული თარიღის აღსანიშნავად აღორძინების ეპოქის სასახლეში, პალაცო დელა კანჩელარიაში, საზეიმო მიღება გაიმართა.

„ასწლეულების განმავლობაში კათოლიკური ეკლესია გამოირჩეოდა საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობით და ქველმოქმედების გზით ადამიანთა კეთილდღეობაზე ზრუნვით. იმედი გვაქვს, რომ კათოლიკური ეკლესია კვლავაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების მომავალ განვითარებაში… საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, გვსურს, ჩვენი გულწრფელი მადლიერება გადავცეთ მის უწმინდესობას, რომის პაპს, ფრანცისკეს ამ უაღრესად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში შეტანილი თავისი პირადი წვლილისათვის. ამასთან, დიდ მადლობას ვუხდით მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, კარდინალ ფერნანდო ვერჯეს ალძაგას და, რა თქმა უნდა, წმინდა საყდართან საქართველოს ელჩს, მის სამეფო უდიდებულესობას, ბატონიშვილ ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოში ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკის ინაუგურაციის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

საზეიმო მიღებაზე ანსამბლ „სუხიშვილებისა“ და „ბასიანის“ კონცერტი გაიმართა.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close