საზოგადოებასაქართველო

ბინიდან დამქირავებლის გამოსახლება გამარტივდება – მთავრობა საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, მალე გამარტივდება ბინიდან იმ ადამიანების გამოსახლებას, რომლებიც მეპატრონეს ქირას არ უხდიან. როგორც ბრეგაძე ამბობს, უწყებაში შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებაზე უკვე მუშაობენ და პარლამენტს უახლოეს მომავალში წარუდგენენ. ამის შესახებ მან უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფარგლებში ისაუბრა. 

„ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანმა გააქირავა ბინა და მოქირავნე აღარ გამოდის… არც ფულს უხდიან, არც იქიდან გამოდიან, ეს არის პრობლემა, რომელიც უკავშირდება საკუთრების ფუნდამენტურ უფლებას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მისივე თქმით, სასამართლო განხილვები, რომლებიც ბინიდან დამქირავებლის გამოსასახლებლად იმართება, რამდენიმე თვეს გრძელდება და ამ ხნის განმავლობაში მესაკუთრის უფლებები იზღუდება. სამინისტროს ინიციატივა გულისხმობს ბინის მეპატრონის მიერ ქირავნობის ხელშეკრულების დარეგისტრირებას საჯარო რეესტრში, რომელშიც ჩაწერილი იქნება, რომ თუკი დამქირავებელი არ შეასრულებს ვალდებულებას და არ გადაიხდის თანხას, მის გამოსახლებას აღსრულების ბიურო განახორციელებს. „ეს მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე და ამაზე მხარეები წინასწარ იქნებიან შეთანხმებულები“, – აღნიშნა მინისტრმა.

რა დაუჯდება ბინის გამქირავებელს ხელშეკრულების საჯარო რეესტრში დარეგისტრირება, ეს ალბათ საკანონმდებლო ცვლილებაში იქნება გაწერილი.

საქართველოში ბოლო წლებში მოქმედი კანონმდებლობით, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდა მეპატრონეთა მიერ საკუთარი ბინებიდან იმ ადამიანების გამოსახლება, რომლებიც ქირას არ იხდიან. მეპატრონეები იძულებულნი არიან, სასამართლოს მიმართონ, თუმცა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას ზოგჯერ თვეები სჭირდება და ამ ხნის განმავლობაში მესაკუთრის უფლებები ირღვევა. იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ ახალი ინიციატივა აღნიშნულ პრობლემას გადაჭრის.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close