ჯანმრთელობარჩევები

ერთი რამ, რაც ყოველ დილით უნდა გააკეთოთ

„გადით გარეთ და მიიღეთ დილის მზის სხივები!“ – ეს არის ის, რასაც ენდრიუ ჰუბერმანი, სტენფორდის პროფესორი და ნეირომეცნიერი თითქმის ყოველთვის გვახსენებს. თუნდაც იმიტომ, რომ ასე ღამითაც უკეთ დაიძინებთ და დღისითაც მეტად ფხიზლად იქნებით, უკეთ ფოკუსირდებით და მეტი ენერგიაც გექნებათ.

„სინათლე პირდაპირ ზემოქმედებს ჩვენს განწყობაზე, ძილზე, ჩვენი გაღვიძებისა და ფოკუსირების უნარზე, ჩვენი ჰორმონის დონეებზე, იმუნურ სისტემაზე და ჩვენს უნარზე, გავუმკლავდეთ სტრესს. ვფიქრობ, დილით მზის შუქის ყურება ერთ-ერთია იმ ტოპ 5 ქმედებიდან, რომელიც მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გვეხმარება“, – განმარტავს ჰუბერმანი.

იგი ერთადერთი არ არის, რომელიც ამ საკითხზე საუბრობს. უკვე მრავალი კვლევა განიხილავს დილით მზის სხივების მიღების სარგებელს. მაგალითისთვის, ერთ-ერთი კვლევა მიგვითითებს, რომ მზის შუქი გვეხმარება ჩვენი ცირკადული რიტმის შენარჩუნებაში – ეს სწორედ ის არის, რაც დღის განმავლობაში ჩვენს სიფხიზლეს უზრუნველყოფს, ამასთან, უკეთეს ძილს ღამით, რითაც საერთო განწყობასაც გვიუმჯობესებს. მზის სხივების მიღება სხეულს სეროტონინის გამომუშავებაშიც ეხმარება, ტვინში არსებული ნივთიერების, რომელიც სწორედ ჩვენს ბედნიერებაზე, ფოკუსირებასა და სიმშვიდეზეა პასუხისმგებელი.

შესაძლოა, ახლა თქვენს თავში შემდგომი კითხვები ტრიალებდეს: როგორ უნდა ვუყურო მზის სინათლეს? რაიმე სპეციალური ტექნოლოგია არსებობს ამისთვის ან რა დროის მანძილზეა საჭირო ამის კეთება? რეალურად უნდა გავიდე გარეთ? და თუ ღრუბელია? ან სათვალე რომ მეკეთოს? მოდით, ახლა ამ კითხვებს ვუპასუხოთ ისე, რომ დღის მანძილზე რაც შეიძლება მეტი სინათლის მიღებაც შეძლოთ.

როგორ უნდა შევხედოთ მზეს?

როგორც ჰუბერმანი ამბობს, მთავარი აქ ის არის, რომ მზის მიმართულებით გაიხედოთ – არასდროს შეხედოთ პირდაპირ არცერთ ნათებას, იქნება ეს მზის თუ სხვა, რადგან ძალიან კაშკაშაა და თვალებს დაგიზიანებთ, თუმცა დილის მზის მისაღებად, კარგი იქნება, თუ სათვალეს არ გაიკეთებთ.

და რა ხდება კონტაქტური ლინზებისა და მხედველობის სათვალის შემთხვევაში? როგორც აღმოჩნდა, ეს სულაც არ წარმოადგენს პრობლემას დილის მზის ყურებისას. აი, რაც შეეხება მზის სათვალეებს, არ არის რეკომენდებული, რადგან დილის მზის სინათლის სრული ეფექტის მიღებას უშლის ხელს.

რამდენ ხნის განმავლობაში უნდა მივიღოთ მზის სხივები?

მზიან დღეს, სულ მცირე, 5-10 წუთით, სხვა შემთხვევებში კი – 15-20 წუთამდე. უფრო მეტი დროც შეგიძლიათ დაუთმოთ, თუ, რა თქმა უნდა, ამის ფუფუნება გაქვთ. ამასთან, შეგიძლიათ, ამ დროს ივარჯიშოთ, ისეირნოთ, მსუბუქად მიირთვათ. ალბათ, გაინტერესებთ, ეს გარეთ გასვლა აუცილებელია თუ არა… და ამაზე მარტივი პასუხი არსებობს – თუ შესაძლებელია, დიახ!

თუნდაც იმიტომ, რომ ხელოვნური განათებები ისეთ გარემოს არ ქმნის, რომ ტვინს კორტიზოლის საჭირო ოდენობის გამომუშავებაში დაეხმაროს. აქ არც მხოლოდ ფანჯარასთან ჯდომა იმუშავებს, რადგან მინა მრავალ სასარგებლო სხივს აკავებს. დღის მანძილზე კი ეს შუქი ხელს უწყობს დოფამინის, კორტიზოლისა და სხვა ჰორმონების გამოყოფას, რომლებიც მოტივაციასა და ყურადღებას უკავშირდება. ამგვარად, ჰუბერმანიც გვირჩევს, რომ ჩვენი სამუშაო მაგიდები ფანჯარასთან ახლოს მოვათავსოთ, რადგან სინათლე სიფხიზლესა და კონცენტრირებაში დაგვეხმარება.

ეს არ არის რაღაც აკვიატება, ჩვენს ფიზიოლოგიაშია ფესვგადგმული. ათასობით თუ არა ასობით ნაშრომი მაინც არსებობს, რომლებიც ამტკიცებს, რომ დილის სინათლე ყველაზე ძლიერი სტიმულია სიფხიზლისთვის მთელი დღის განმავლობაში და მას აქვს ძლიერი, პოზიტიური გავლენა ძილის რეჟიმზეც, – აცხადებს ჰუბერმანი.

marketer.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close