პოლიტიკასაბერძნეთი

დიმიტრის ავრამოპულოსი – პირადადაც მოხარული ვარ და ჩემი ქვეყანაც, საბერძნეთიც სრულად უჭერს მხარს საქართველოს ისტორიულ წინსვლას

„საქართველო ევროპული ქვეყანაა და მისი ბუნებრივი დანიშნულებაცაა, რომ ევროპული ოჯახის წევრი იყოს“

პირადადაც ძალიან მოხარული ვარ და ჩემი ქვეყანა, საბერძნეთიც სრულად უჭერს მხარს საქართველოს ისტორიულ წინსვლას, – ამის შესახებ მიგრაციის საკითხებში ყოფილმა ევროკომისარმა, საბერძნეთის პარლამენტის წევრმა დიმიტრის ავრამოპულოსმა განაცხადა.

მისივე თქმით, აქტიურად გააგრძელებს მუშაობას, რომ მალე საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს.

„კარგი ამბავი გვაქვს ბრიუსელიდან და ძალიან მიხარია, რადგან იმ მომენტს მახსენებს, როდესაც, როგორც ევროკომისარმა, უვიზო მიმოსვლის შესახებ გამოვაცხადე. დღეს რაც მოხდა, ეს იყო მეორე ნაბიჯი და შემდეგი ნაბიჯი უკვე გაფართოებაზე მოლაპარაკების დაწყებაა. პირადადაც ძალიან მოხარული ვარ და ჩემი ქვეყანა, საბერძნეთიც სრულად უჭერს მხარს საქართველოს ამ ახალ, ისტორიულ წინსვლას.

საქართველო ევროპული ქვეყანაა და მისი ბუნებრივი დანიშნულებაცაა, რომ ევროპული ოჯახის წევრი იყოს. მინდა, მივესალმო იმ ფაქტს, რომ ხელისუფლებამ, შეძლებისდაგვარად, ყველაფერი გააკეთა ნაბიჯის წინ გადასადგმელად. ყველანი ბედნიერი ვართ დღეს, მაგრამ ყველაზე მეტად – ქართველი ხალხი. ყველაფერი საუკეთესო წინაა. გარწმუნებთ, მეც აქტიურად გავაგრძელებ მუშაობას, რომ ძალიან მალე საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიან წევრად ვიხილოთ. რეგიონში პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ლანდშაფტი ძალიან მყიფეა. საქართველო სტაბილური, რეგიონის მასტაბილურებელი ქვეყანაა, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს რთული ვითარების ნორმალიზებასა და უფრო ოპტიმისტური გზისკენ სვლაში. მსოფლიოს ეს ნაწილი გონივრულ მიდგომებსა და ინიციატივებს მოითხოვს, რადგან ნებისმიერმა მომენტმა, შესაძლოა, ვითარება საშიში გახადოს. ასე რომ, ევროპული საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისა და სამეზობლოს მომავლისთვის“, – განაცხადა დიმიტრის ავრამოპულოსმა.

ევროკომისიამ 2023 წლის 8 ნოემბერს ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და ევროპულ საბჭოს რეკომენდაციით მიმართა, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.

საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით ევროპული საბჭო 15 დეკემბერს მიიღებს.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close