იტალიის ჩემპიონატის მორიგი, მე-10 ტურის მატჩი მოქმედ ჩემპიონს – „ნაპოლისა“ და „მილანს“ შორის ნეაპოლში, „სტადიო მარადონაზე“ 29 ოქტომბერს გაიმართა.
იტალიის ჩემპიონატში „მილანთან“ ბოლოს მიმდინარე წლის 2 აპრილს დიდი ანგარიშით, 0:4 დამარცხების შემდეგ „ნაპოლიმ“ უხერხულ მეტოქესთან ძალიან დაძაბულ და სანახაობრივ მატჩში ამჯერად ფრედ 2:2 ითამაშა.
ანგარიში 22-ე წუთზე „მილანმა“ გახსნა – თავისი შანსი ოლივიე ჟირუმ გამოიყენა, მისი თავური დარტყმის წინაშე მეკარე მერეტი უძლური აღმოჩნდა.
27-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მარცხენა ფლანგზე კარგად ითამაშა, მცველი ჩამოიტოვა და კარის წინ მარტო დარჩენილი მატეო პოლიტანოსკენ გაგზავნა ბურთი, მაგრამ ეპიზოდი უგოლოდ დასრულდა.
სამაგიეროდ „მილანმა“ არ გაუშვა შანსი ხელიდან – ამჯერადაც ჟირუმ გაიტანა, ისევ თავით და პირველი ტაიმი „მილანის“ გამარჯვებით დასრულდა – 2:0.
მატჩის მეორე ნახევარში „ნაპოლიმ“ გაცილებით უკეთ დაიწყო თამაში, რასაც შედეგიც მალე მოჰყვა – 49-ე წუთზე მატეო პოლიტანომ ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა და სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა.
„ნაპოლიმ“ ანგარიშის გათანაბრება 63-ე წუთზე შეძლო – ჯაკომო რასპადორიმ საჯარიმო დარტყმა ბრწყინვალედ, ტექნიკურად უნაკლოდ შეასრულა და ანგარიში 2:2 გახდა. შეხვედრა ასევე დასრულდა.
ხვიჩას დამატებით დროში, მატჩის მიწურულს კიდევ ერთხელ შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ მეკარემ მისი დარტყმულის მოგერიება შეძლო.
10 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება 18 ქულით და პირველ ადგილზე მყოფ „ინტერს“ 7 ქულით ჩამორჩება. „მილანი“ მე-3 ადგილზეა 22 ქულით.
მომდევნო, მე-11 შეხვედრას 4 ნოემბერს „ნაპოლი“ აუტსაიდერ „სალერნიტანასთან“ გამართავს სტუმრად, სალერნოში.
ნუცა ყაველაშვილი
ნახეთ მატჩის საუკეთესო მომენტები:
კომენტარები