მიმდინარე კვირაში ვერსალის სასახლეში უკვე მესამედ გამოცხადდა ევაკუაცია.
„უსაფრთხოების მიზნით, ვერსალის სასახლე ვიზიტორების ევაკუაციას ახორციელებს“, – ნათქვამია სასახლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ევაკუაციის მიზეზი ადმინისტრაციამ არ დააკონკრეტა, მაგრამ BFMTV არხი, სამართალდამცავი ორგანოების წყაროზე დაყრდნობით, განმარტავს, რომ აფეთქების საფრთხე არსებობდა. ანონიმური მუქარის გამო ეს იყო მესამე ევაკუაცია ამ კვირაში. პოლიციამ და გამნაღმველებმა კომპლექსში ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი ვერცერთ შემთხვევაში აღმოაჩინეს.
საფრანგეთში ანონიმური მუქარა ბოლო დღეებში გახშირდა. შაბათს ლუვრის ათასობით დამთვალიერებლის, ასევე, ლიონის სადგურიდან მგზავრების ევაკუაცია გახდა საჭირო. გარდა ამისა, ორშაბათს, როდესაც ქვეყნის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებებმა გასულ პარასკევს მოკლული მასწავლებლის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გამართეს, ბომბის არსებობის საფრთხის გამო სწორედ იმ სკოლიდან მოახდინეს მოსწავლეებისა და პერსონალის ევაკუაცია, სადაც მკვლელობა მოხდა. ოთხშაბათს მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ქვეყნის ექვს მთავარ აეროპორტში ბომბის მუქარის შესახებ. განგაშის სიგნალი ლილის, ლიონ-ბრონის, ნიცის, ნანტის, ტულუზისა და ბოვეს აეროპორტებში გაისმა.
რამდენიმე აეროპორტმა მიიღო ანონიმური შეტყობინება ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ, სხვა რამდენიმე აეროპორტში კი ეჭვის საბაბი მიტოვებული ბარგის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გახდა.
ყველა შემთხვევაში მუქარა ყალბი აღმოჩნდა, თუმცა ყოველ ჯერზე პოლიცია და გამნაღმველები გულდასმით ამოწმებდნენ თითოეულ ობიექტს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ საფრთხე ნამდვილად არ არსებობდა.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები