ისტორიაეკონომიკასაბერძნეთი

ვანი – ბერძნული კონცხი, რომელსაც ქართული ანტიკური ქალაქის სახელი ჰქვია (ფოტოები)

რამდენიმე წლის წინათ ჩვენი საიტის მეშვეობით გაცნობეთ საბერძნეთში ერთი სოფლის არსებობის შესახებ, რომლის სახელწოდებაა გეორგიანი (ΓΕΩΡΓΙΑΝΟΙ), რაც სიტყვასიტყვით „ქართველებს“ ნიშნავს. მაშინ ამ ინფორმაციამ დიდი ინტერესი გამოიწვია და ერთ-ერთმა ქართულმა სატელევიზიო არხმა ამ სოფლის შესახებ რეპორტაჟიც მოამზადა (სამწუხაროდ, ჩვენ, როგორც ინფორმაციის წყარო, არ ვუხსენებივართ). ამჯერად საბერძნეთში ერთი ადგილის შესახებ მოგითხრობთ. ამ ადგილს ვანი (Βάνι) ეწოდება.

ბერძნული ვანი კიკლადებზე, კუნძულ მილოსზე მდებარეობს. ის წარმოადგენს კონცხს, სადაც მანგანუმის საბადო არსებობდა, რომლის ფუნქციონირებაც მე-19 საუკუნის ბოლოს დაიწყო. საბადოს ამუშავებდა ფრანგული კომპანია Roux-Serpieri, რომელიც დაახლოებით 150 ადამიანს ასაქმებდა. დასაქმებულთა შორის 50 ქალი და ბავშვი იყო. 1890 წლის მონაცემებით, საბადოზე დაახლოებით 18 ტონა პროდუქცია იწარმოებოდა, რომლის დიდი ნაწილი საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში გადიოდა. მცირე ნაწილი ლავრიოს მაღაროების გადამამუშავებელ ქარხანაში იგზავნებოდა, სადაც მას სხვა მადნების დნობის რეაგენტად იყენებდნენ.

საბადოზე მუშაობის პირობები მძიმე იყო, მაგრამ საკუთრივ კომპანია მნიშვნელოვან მოგებას ნახულობდა. თანდათანობით ხარისხიანი მანგანუმის რაოდენობა შემცირდა. შედეგად, 1928 წელს საბადო დაიკეტა.

დღეს მილოსის ვანი ტურისტულ მარშრუტს წარმოადგენს. ტურისტებს იზიდავს მოწითალო ფერის კლდეები, რომელთა უჩვეულო შეფერილობას რკინისა და გოგირდის ოქსიდები განაპირობებს. იქვე ახლოს არსებობს ვანის პლაჟი. ადგილი საინტერესოა არქეოლოგიური თვალსაზრისითაც. ნაპოვნია ძუძუმწოვრების კბილებისა და ძვლების გაქვავებული ნამარხები.

კონცხამდე სახმელეთო გზით მისვლა რთულია. ტურისტები, ძირითადად, კატარღებს ქირაობენ ამ უჩვეულო, ლამაზი ადგილის დასათვალიერებლად.

შესაძლოა ბერძნული კონცხის სახელწოდება ქართულ ანტიკურ ქალაქს – ვანს უკავშირდებოდეს, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით გაგვერკვია მისი ეტიმოლოგია. ვანი ნამდვილად უჩვეულო სიტყვაა ბერძნული ენისთვის და არცერთ, ყველაზე დიდ ბერძნულ ლექსიკონშიც კი მისი განმარტება არ მოიპოვება.

გიორგი ჯანელიძე

ასევე დაგაინტერესებთ: გეორგიანი – „ქართული“ სოფელი საბერძნეთში (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close